„მხოლოდ განცხადებები საკმარისი აღარ არის, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობა რუსეთისთვის პრიორიტეტია.
დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში საერთაშორისო საზოგადოება უფრო მწვავედ ჩაერთოს და რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს.
„თუ საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ამის ძირითადი ფაქტორი არის რუსეთის ფედერაცია. რუსეთის დღის წესრიგში შედის ის, რომ საქართველოს ეს ორი ნაწილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მუდმივად იყოს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. შესაძლოა, ამ დოკუმენტში იმაზე მეტი საფრთხე იყოს ჩადებული ვიდრე ამ წუთას წარმოგვიდგენია.
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უნდა მოხდეს ძალიან აქტიური ჩარევა და ზეწოლა რუსეთზე. მხოლოდ განცხადებების დონეზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი, საკმარისი აღარ არის. მე ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით ესაუბრებოდეს თიბილოვს, ხაჯიმბას და სხვა დე ფაქტო ლიდერებს, რომლებიც ამ რეგიონების რეალური პატრონები და მმართველები არ არიან. აფხაზეთიც და ოსეთიც არის საქართველო“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ახალ ვერსიას მოაწერა ხელი. სადაც რუსეთისთვის მთავარ საგარეო საფრთხედ ნატო-ს გაფართოებაა დასახელებული, ასევე – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსება.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დოქტრინის ახალი ვერსია ასევე ძირითად სამხედრო საფრთხედ განიხილავს რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეებისადმი ტერიტორიულ პრეტენზიებს და მათ შიდა საქმეებში ჩარევას.
დოკუმენტი, საერთო ჯამში, რუსეთისთვის 14 ძირითად სამხედრო საფრთხეს განიხილავს და იგი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. სამხედრო დოქტრინაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. რუსეთის ფედერაციის პირველი პირების განცხადებით მატთვის თანამშრომლობა აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები