დონბასზე დაწერილი სტატიის გამო ყაზახეთში ჟურნალი დახურეს

ალმა-ატას სასამართლომ შინაგანი პოლიტიკის საქალაქო სამმართველოს სარჩელი ჟურნალ ADAM bol-ის დახურვის შესახებ დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია სააგენტო „ინტერფაქსს“ ჟურნალის რედაქციაში მიაწოდეს. ADAM bol-ის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ჟურნალის რედაქცია აპელაციის შეტანას გეგმავს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმოდა, რომ გვხურავდნენ, და რომ სარჩელს სრულად დააკმაყოფილებდნენ, მაგრამ ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა“, – განაცხადა გამოცემის თანამშრომელმა.
ცნობილია, რომ აპელაციის გარდა ჟურნალის რედაქცია ასევე ბრძოლის სხვა მეთოდების გამოყენებას აპირებს. საუბარია საზოგადოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობაზე.
„ ჟურნალის დახურვის გადაწყვეტილება არ გაგვაჩერებს“, – აღნიშნა გამოცემის თანამშრომელმა.
ცნობისთვის, სარჩელის მიზეზი გახდა ჟურნალ ADAM bol-ის სტატია „ჩვენები სხვის ომში“, რომელიც დონბასში მებრძოლ ინტერნაციონალურ ბატალიონზეა. ხელისუფლების მტკიცებით, პუბლიკაცია ომის პროპაგანდას ახდენს და ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები