ვლადიმერ პოზნერი: გვინდა დავამტკიცოთ, რომ ეს ანექსია არ არის, ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა აღვადგინეთ
რუსეთი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ყირიმში ანექსია არ მომხდარა. ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა BFM-თან ინტერვიუში განაცხადა. პოზნერმა ეს განცხადება ფედერაციის საბჭოს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკოს თქმით, საბჭო კანონპროექტს ამზადებს, რომლის თანახმად, საბჭოთა დროში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ყირიმის გადაცემა უკანონოდ არის აღიარებული.
„მე ამას ტრენდს არ ვუწოდებ. ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ეს ანექსია არ არის, ჩვენ არაფერი არ წაგვირთმევია, მხოლოდ სამართლიანობა აღვადგინეთ და ამიტომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნებისმიერი პრეტენზია ჩვენს მიმართ – უმნიშვნელოა“, – აცხადებს პოზნერი.
ტელეჟურნალისტის მტკიცებით, „ამას იმპერიულ აზროვნებასთან, არც ტერიტორიების წართმევის მცდელობებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სრულიად სხვა რაღაცებია. ერთ შემთხვევაში ეს ემოციური ამბავია, უსამართლობის განცდა, მეორე მხრივ, ეს აბსოლუტური პოლიტიკაა“, – განაცხადა პოზნერმა.