ოდესაში, უკრაინის ეროვნული ბანკის საცავში ყალბი ოქრო აღმოაჩინეს
უკრაინის ეროვნული ბანკის საცავში შენახული რამდენიმე ოქროს ზოდი მოოქროვილი ტყვია აღმოჩნდა. უკრაინულ გაზეთ „ვესტის“ ცნობით, „ოქროს“ საფასური 5 მილიონ გრივნაზე მეტი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „ვესტი“ შსს-ს ოდესის სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული მონაცემებით, ყალბი ზოდები მაღალი ხარისხით იყო გაყალბებული. „აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ახლა გამოძიება დანაშაულის მონაწილეებს ეძებს“, – განაცხადეს ოდესის მილიციაში.
„წინასწარი მონაცემებით, თაღლითები ზოდებს ტყვიისგან ამზადებდნენ. ამის შემდეგ თანამოაზრეს, ეროვნული ბანკის მოლარეს იქვე ახლოს, კაფეში გადასცემდნენ. მას ზოდები საცავში მიჰქონდა და აფორმებდა, როგორც ჯართის შესყიდვას. მოლარე დოკუმენტებზე ასევე გამყიდველების ყალბი პასპორტების ქსეროასლებს ამაგრებდა“, – განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა.