„სააფთიაქო ნარკომანია ინერციით გრძელდება“
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბიონარკოტიკის პრობლემებზე და მათი მკურნალობის გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნარკოტიკულ ბაზარზე ჩნდება ახალ- ახალი ნივთიერებები. როგორც კილაძემ განმარტა, მის მწარმოებლებს დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ იმ ნივთიერებების წარმოებისთვის, რომლებიც მოცემულ მომენტში აკრძალული არ არის.
„ ბიონარკოტიკის პრობლემები მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს. ევროპაში კოკაინზე და ჰეროინზე დამოკიდებული იმ ადამიანების სტაგნაცია შეინიშნება, რომლებიც მკურნალობისთვის სპეციალიზებულ დაწესებულებებს მიმართავენ. ბიოსინთეტურ ნარკოტიკზე და მარიხუანაზე დამოკიდებულების ძალიან მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ეს ინდუსტრია დიდძალ ფულს უკავშირდება და მის მწარმოებლებს დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ, რომ აწარმოონ ნივთიერებები, რომლებიც მოცემულ მომენტში აკრძალული არ არის. სპეციალური სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ამაზე და აკონტროლებენ, რომ საფოსტო გზავნილებით ვერ შემოვიდეს ეს ყველაფერი საქართველოში“,- განაცხადა ლაშა კილაძემ.
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში, ძალიან მწვავედ დგას სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა, რომელიც ინერციით გრძელდება.
„სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა ინერციით გრძელდება და ბევრად მწვავედ დგას, ვიდრე ბიონარკოტიკის პრობლემა. ძალიან სერიოზული ფსიქოაქტიური ნივთიერებები დიდი ხნის განმავლობაში აბსოლუტურად უკონტროლოდ იყიდებოდა, ამის მარაგი არსებობს. ქვეყანაში არ არსებობდა ფარმაკოპოლიტიკა. ეს ყველაფერი მიბმული იყო საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და იყო აბსოლუტურად უკონტროლო. რეცეპტორული სისტემის ამუშავებამ ეს პროცესი შეაფერხა“,- აღნიშნა კილაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემებზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და ბიონარკოტიკთან ბრძოლის სტრატეგიაც შეიმუშავა. მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მსგვასი პრობლემის მქონე ბენეფიციარების მურნალობის კუთხითაც.
„2015 წლიდან მეტადონჩანაცვლებით პროგრამაში ჩართულთა რაოდენობის ზედა ზღვარი აღარ იარსებებს და მასში ჩართული ადამიანების რაოდენობა არ შეიზღუდება. მკურნალობის დაფინასების 50%-ს ფარავს სახელმწიფო და პლიუს – ყიდულობს პრეპარატს. 70 000 სოციალურ დაბალ ქულაზე მყოფს აფინანსებს სახელმწიფო, 2015 წლიდან კი თბილისში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარს, რომელთა ქულებიც 70 000 -დან 200 000 ქულამდე იქნება, ყველა ბენეფიციარის თანაგადახდას დააფინანსებს თბილისის მერია. დღესდღეისობით სახელმწიფო დაფინასების ფარგლებში მკურნალობა მთელი საქართველოს მასშტაბით 1900 -მდე ბენეფიციარს უტარდება, 505 ბენეფიციარი „გლობალ ფონდის“ დაფინანსებით მკურნალობს“,- განაცხადა ლაშა კილაძემ.