უკრაინის რადას მიერ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმებას მოსკოვში არამეგობრული ნაბიჯი უწოდეს
უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმება რუსეთის მიმართ არამეგობრული ნაბიჯია. ამის შესახებ ეუთოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი კელინმა განაცხადა, – წერს „რია ნოვოსტი“.
„ეს კანონი, რომელიც ახლა გაუქმდა, დიდი ხმაურის გარდა, არაფერს მოიტანს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ორიენტაციაზე და იმაზე მოწმობს, თუ საით წაიყვანს საქმეს კიევის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა დიპლომატმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებს მხოლოდ გაამძაფრებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უზენაესმა რადამ, დიდი უმრავლესობით, ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების შესახებ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს წინადადებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად კანონპროექტის მომხრე 303 დეპუტატი აღმოჩნდა. 9 ადამიანი წინააღმდეგი იყო, 2-მა თავი შეიკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას უკრაინის ნატოსკენ სწრაფვის შესახებ განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკითხი საყოველთაო რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
ამრიგად, „უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების შესახებ“ კანონში ახლა ნათქვამია, რომ ევროკავშირში და უსაფრთხოების ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიზნით უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ სივრცეში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია.