უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის უზენაესმა რადამ, დიდი უმრავლესობით, ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების შესახებ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს წინადადებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად კანონპროექტის მომხრე 303 დეპუტატი აღმოჩნდა. 9 ადამიანი წინააღმდეგი იყო, 2-მა თავი შეიკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას უკრაინის ნატოსკენ სწრაფვის შესახებ განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკითხი საყოველთაო რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
ამრიგად, „უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების შესახებ“ კანონში ახლა ნათქვამია, რომ ევროკავშირში და უსაფრთხოების ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიზნით უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ სივრცეში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მის მიერ უკანონო ანექსია, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული „ჰიბრიდული ომის“ მიმდინარეობა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო ჩარევა, რუსეთის მხრიდან მუდმივი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ზეწოლა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის უფრი ეფექტური გარანტიების პოვნის აუცილებლობას განაპირობებს“, – ნათქვამია კანონპროექტთან არსებულ წერილში.
ცვლილებების წყალობით, ახლა უკრაინას აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო – სამხედრო ალიანსის წევრი გახდეს.
„ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. ეს არჩევანია თავისუფლების და უსაფრთხოების სასარგებლოდ“, – დაწერა ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა.