რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

19 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთი მოთხრობა“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
პირველი პრემია ბექა ქურხულმა მოთხრობით „წინა დღეს“ მოიპოვა.
„ვთვლი, რომ საქართველოში რეზო ინანიშვილის სახელობის პირველი პრემია ყოველთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო იქნება მწერლისთვის. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი საპატიო პრემიის მონიჭებისათვის“, – ამბობს ბექა ქურხული.
მეორე პრემიის მფლობელი ნინო ქადაგიძე მოთხრობით „ხმით ნატირალი“ გახდა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, განსაკუთრებით სასიხარულოა ამ კონკურსში მონაწილეობა და, მითუმეტეს, გამარჯვება. საერთოდ, ნებისმიერი კონკურსი სტიმულია და თავდაჯერებულობას მატებს, ზოგადად, ადამიანს და მერე იმ ადამიანის სახელობის კონკურსი, რომელიც ძალიან ახლოს არის შენს სულთან და ფესვებთან. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალია რევაზ ინანიშვილი. მეც წარმოშობით კახეთიდან ვარ. სისხლი, ჩემი მახსოვრობა ყველა იმ თბილ სიტყვას და ამბავს ატარებს, რაზედაც ბატონი რევაზი წერდა“, – ამბობს ნინო ქადაგიძე.
მესამე პრემია ნათია როსტიაშვილმა მოთხრობით „თბილისი-ჰერეთი“ მოიპოვა.
„რეზო ინანიშვილის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გავხდი. შესაბამისად, წილად მხვდა პატივი, გამარჯვებული (ხუთი წლის განმავლობაში სამეულში გასული) მოთხრობების კრებულში, ჩემი ორი მოთხრობა შესულიყო. ყდას რომ დახედავ და – ინანიშვილის ფოტოა, ასეთ წიგნს რომ გადაშლი და – შიგნით შეყუჟულ შენს მოთხრობებს (აც) დაინახავ, როგორ არ დაგთბება, როგორ არ გაიღიმებ, სიხარული როგორ არ ჩაგეღვრება სულში… ორ თვეში ჩემთვის სათაყვანებელი ორი მწერლის, რევაზ ინანიშვილისა (III ადგილი) და გოდერძი ჩოხელის (I და II ადგილი) სახელობის პრემიით დავჯილდოვდი. ღმერთს ვყვარებივარ… და მკითხველის სიყვარულსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ… მადლობა ჟიურის და კონკურს (ებ)ის ორგანიზატორ(ებ)ს. მადლობა ჩემი მოთხრობის პერსონაჟებს, ჩემსა და მკითხველს შორის გადებული სიყვარულის ხიდებისათვის…“, – ამბობს ნათია როსტიაშვილი.
კონკურსის სპეციალური პრიზები გადაეცათ: ალექსანდრე პაიკიძეს მოთხრობისთვის „სახლი“, ლელა თოთაძეს მოთხრობისთვის „ორი თოლია“, ნინო ჭინჭარულს მოთხრობისთვის „აქ იყო მუსიკა“. მათ მხატვრების ვასილ ბოსტაშვილის, ალექსანდრე ციხელაშვილის, ნატო სირბილაძეს, ნამუშევრები გადაეცათ.
დაჯილდოების დროს სიტყვით გამოვიდნენ: თემურ ჩალაბაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), თამაზ ხმალაძე, თამარ შაიშმელაშვილი, ნინო ჩხიკვიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, მანანა ჩიტიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ლინა ბარათაშვილი, მამუკა ვაშაკიძე, ჯუბა ღებელი, ვასილ ბოსტაშვილი, ლეილა ქიტოშვილი, მწერლის მეუღლე როზა ინანიშვილი. საღამოს უძღვებოდა ივანე ჯაფარიძე.
პროექტის ავტორი და რედაქტორია ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი. „კონკურსი ჟურნალ „ანეულთან“ ერთად, უკვე 5 წელია ტარდება. წელს გაიმართა საიუბილეო კრებულის „რევაზ ინანიშვილის ლიტერატურული კონკურსი: „ერთი მოთხრობა“ წარდგინება, რომლშიც 5 წლის მანძილზე გამარჯვებული მოთხრობები დაიბეჭდა“, – ამბობს თამარ შაიშმელაშვილი.
წლევანდელი კონკურსი და კრებულის გამოცემა უზრუნველყო მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.

er

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები