პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დავით ნარმანიამ მოინახულა
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N18ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2000 მ2-ზე ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია და ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე გაეცნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პოლიტკოვსკაიას N18ა-ში 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული 107 ოჯახი ცხოვრობს. მათ საკუთარი პრობლემების მოგვარების თხოვნით თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის მიღების დღეს მიმართეს. მათ შორის, ითხოვდნენ არსებული ეზოს მოწესრიგებასაც.
ამ დროისთვის დასრულებულია მიწის სამუშაოები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განხორციელდა დიდი რაოდენობის სამშენებლო ნარჩენების კორპუსის ტერიტორიიდან გატანა, ადგილზე იგება ასფალტი.
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მომავალ წელს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა.
სკვერისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა დააფინანსებს.