დღეს ზამთრის კურორტი გუდაური გაიხსნება

დღეს ზამთრის კურორტი გუდაური გაიხსნება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა განაცხადა, გუდაურში დღესვე ყველა საბაგირო ჩაირთვება.
“გაიხსნება პირველი სასრიალო ტრასა, აგრეთვე გონდოლას მინდვრის ტრასა, სნოუპარკის ტრასა და კუდების ტრასები. აგრეთვე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გვექნება საზიმო ღონისძიება გახსნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. მისივე თქმით, გუდაურის ხელოვნური გათოვლიანება უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
შარშანდელთან შედარებით, მთის კურორტებზე აბონიმენტის ფასები არ შეცვლილა.
გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი ე.წ “თოვლის თოფი”, რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს, ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი ფაზაა გათოვლიანებული, მომავალი წლიდან კი მეორე ფაზის გათოვლიანებაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, ასევე დასრულებულია წყლის სისტემის დამონტაჟება და სატუმბო-საკომპრესორო ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნული გათოვლიანების სისტემის გარდა, კურორტზე განხორციელდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები: საბაგიროების გეგმიური რემონტი, არსებული ტრასების ქვებისგან გაწმენდა-გაფართოება, დამონტაჟდა ღამის განათებები, საინფორმაციო მონიტორები. კურორტზე რამდენიმე წელია დამონტაჟებულია მსოფლიოში ლიდერი ავსტრიული კომპანია “სკიდატას” თანამედროვე უკონტაქტო გამშვები პუნქტები, დაინერგა ერთიანი სააბონემენტო სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები