გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტი დღეს სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც 18 დეკემბერს დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც მოხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 17-18 დეკემბერს ევროპარლამენტი ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე იმსჯელებს. საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგშია შეტანილი.სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ჩავა. მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომლის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასაც ევროპარლამენტი მოახდენს.