“იუნკერების სულიერი სიმტკიცე ყველა სამხედროსთვის მაგალითია“
საქართველოს პარლამენტის ეზოში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ პარლამენტის შენობის ეზოში მდებარე იუნკერების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
პარლამენტის ეზოში შეკრებილმა სტუმრებმა სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდების გმირობის ისტორიები დღეს,კიდევ ერთხელ გაიხსენეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, იუნკერების ბრძოლა და სულიერი სიმტკიცე ყველა ქართველისთვის და სამხედრო მოსამსახურისთვის მაგალითია. „მათ ბედნიერება ხვდა წილად, რომ ქვეყნისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. იუნკერების მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იბრძვის“ – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე, პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება. 1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა.