„თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკების“ პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება

18 დეკემბერს, 18:00 სათზე, მხოლოდ ერთი დღით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრში ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტომასალა.
ასევე, გაიმართება პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.
„ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Google maps – Soviet Period Mosaics in Tbilisi.
ამ საქმით საფუძველი გვინდა ჩავუყაროთ მოზაიკების შენარჩუნების პოლიტიკას“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალა დემურ ბაშალეიშვილის, რადიშ თორდიას, იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას, კუკური წერეთლის პირადი არქივებიდან და ასევე, „გეოეარის“, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტომასალა.
„თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები“ ხორციელდება პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამა აფინანსებს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები