დოკუმენტური ფილმის „მკვლელობის აქტი“ ჩვენება გაიმართება

16 დეკემბერს, 18:00 საათზე, Frontline Georgia- ში ჯოშუა ოპენჰეიმერის დოკუმენტური ფილმის „მკვლელობის აქტი“ ჩვენება გაიმართება.
რეჟისორ ჯოშუა ოპენჰეიმერის 2012 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მკვლელობის აქტი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში ინდონეზიაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებს ეხება, რომელსაც მილიონამდე ადამიანი შეეწირა. მკვლელები კი არათუ დაისაჯნენ, არამედ გმირებად შერაცხეს. ზოგიერთი მათგანი დღესაც ინდონეზიის ხელისუფლების წევრია. ფილმში „მკვლელობის აქტი“ რეჟისორი სამოციანი წლების მკვლელობების დეტალებს ინდონეზიის მკვლელთა დაჯგუფების წევრებს თავადვე აყოლებს. ოპენჰეიმერი მათ სთავაზობს, თავი ჰოლივუდის რეჟისორებად წარმოიდგინონ და სამოციან წლებში მომხდარი ცალკეული მკვლელობის დეტალები მსახიობების, ფერადი კოსტიუმების, მაკიაჟის და მუსიკის საშუალებით გააცოცხლონ. ისინიც სიამოვნებით თანხმდებიან ამ წინადადებას.
დოკუმენტური ფილმი „მკვლელობის აქტი“, რომლის პროდიუსერებიც ცნობილი რეჟისორები ეროლ მორისი და უერნერ ჰერცოგი არიან, ორმოცამდე პრიზის მფლობელია. 2014 წელს იგი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ოსკარზეც იყო წარდგენილი.
ფილმი ნაჩვენები იქნება რუსული გახმოვანებითა და ინგლისური სუბტიტრებით. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. მოდერატორია თიკო ნაჭყებია.
ჩვენება ტარდება „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბის პროექტის „ღია პლატფორმის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები