გერმანელი კინორეჟისორის შტეფან ტოლცის – „ქართული ტრილოგიის” პრეზენტაცია გაიმართება

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გერმანელი კინორეჟისორის შტეფან ტოლცის „ქართული ტრილოგიის” პირველად DVD-ფორმატში, პრეზენტაცია გაიმართება.
მისი სამი დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო წარმატება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია პირველად ერთად DVD-ზე. Filmpunkt-ი წარმოგიდგენთ სამენოვან გამოცემას (ქართული / ინგლისური / გერმანული) ბონუს-მასალითა და 32-გვერდიანი ბუკლეტით სულაკაურის გამომცემლობის მხარდაჭერით.
შტეფან ტოლცი უკვე 25 წელია იცნობს საქართველოს და, როგორც თავად ამბობს, „გულით დაატარებს“ მას.
პირველი ფილმი საქართველოს შესახებ 1991 წელს გადაიღო: „კავკასიურ ნადიმში“ პოეტი და ლიტერატორი ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც თამადა, უძღვება ქართულ წვეულებას, რომლის სტუმრებსაც ერთი მეორის მიყოლებით სადღეგრძელოებისა და კინო-პორტრეტების საშუალებით ვეცნობით.
ათი წლის შემდეგ იღებს მეორე ფილმს „დროის მიჯნაზე“: ეს არის მოგზაურობა „მამაკაცთა მკაცრი სამყაროს“ ყოველდღიურ ცხოვრებაში კავკასიის ოთხ შორეულ მხარეს, სადაც ადამიანები „დროის სხვა განზომილებაში“ ცხოვრობენ. გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთსა და აჭარაშიც. ამ ფილმმა მოიპოვა ჯილდოები „Golden Gate Award“ სან-ფრანცისკოში და „გრანპრი“ ტაივანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
შტეფან ტოლცი თავისი ცისფერი „ვოლგა-21“-ით ქართველებთან ერთად მიუყვებოდა გზას ქვეყნის „მომავლის ძიებაში” მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო ორი წლისა (2011-2013) და ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკოსად ჩამოყალიბების პერიოდში. ფილმში „სრული სვლით დასავლეთისკენ“ ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია დასავლური სამყაროს ნაწილად ქცევის ოცნებას საზოგადოებაში ძალთა პოლარიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები