მერკელი აშშ-ს და ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას სთავაზობს

   ევროპაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში ევროკავშირსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შესახებ ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერითაა შესაძლებელი. ასეთი მოსაზრება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოთქვა.
მისი თქმით, თუ გერმანია 10 წლის შემდეგაც ექსპორტის დიდი მოცულობის შენარჩუნებას გეგმავს, ევროპა კი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ფეხზე წამოდგომას აპირებს, უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შექმნის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად, მერკელის განცხადებით, „აუცილებელია ძალისხმევის მაქსიმუმის გამოყენება, თავდაჯერებულად მოქმედება“.
გერმანიის კვების და სოფლის მეურნეუბის მინისტრმა კრისტიან შმიდტმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეთანხმება მომავალი წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს. „ხელმოწერილი დოკუმენტი სადღესასწაულო სუფრაზე ერთ-ერთი საშობაო საჩუქრის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა შმიდტმა.
მერკელის მიერ გაჟღერებული ევროპის ეკონომიკისთვის დადებითი პერსპექტივების მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა. 9 დეკემბერს მათ ევროკომისიას პეტიცია გადასცეს, რომელსაც ხელი 1,1 მილიონმა ადამიანმა მოაწერა“, – წერს „დეილი თაიმსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები