ადვოკატთა ასოციაციამ წელს მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდებიდან 195 360 ლარი მიიღო
ზაზა ხატიაშვილი: 160 ლარი ცოტაა, 400 ლარამდე უნდა გავზარდო
რა თანხა ირიცხება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებიდან ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე წლის განმავლობაში და რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს თანხები – ამ საკითხით „კვირა“დაინტერესდა და მოკვლევა ჩაატარა.
195 360 ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე, მხოლოდ წელს, ადოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებულმა იურისტებმა შეიტანეს. წელს, შემოდგომაზე, გამოცდაზე 630 იურისტი დარეგისტრირდა. თითოეულმა მათგანმა გამოცდაზე დასარეგისტრირებლად 160 ლარი გადაიხადა და, საერთო ჯამში, ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე 100 800 ლარი ჩაირიცხა. გაზაფხულზე კი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული 591 იურისტის მიერ ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე 94 560 ლარიც ჩაირიცხა.
გამოცდები სამ ეტაპად მიმდინარეობს და ამჟამად ორი გამოცდა უკვე ჩატარდა. გამოცდის შედეგები მხოლოდ 12-მა იურისტმა გაასაჩივრა. ტესტების გასაჩივრება 10 ლარი ღირს. ეს თანხაც ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე გადაირიცხა.
ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდები წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმართება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები ტარდება სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის განხრით.
თითოეული საგამოცდო კითხვის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა. აპლიკანტს, რომელიც გამოცდაზე მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.
როგორც „კვირას“ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კოორდინატორმა ანა გოდერძიშვილმა განუცხადა, გაზაფხულზე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე 591 იურისტი დარეგისტრირდა, თითოეულმა მათგანმაც 160 ლარი გადაიხადა, 94 560 ლარიც ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე ჩაირიცხა. ანა გოდერძიშვილი ამბობს, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის თანხა წელიწადნახევრის წინ გაიზარდა და უკვე რიგით მესამე გამოცდა ტარდება იურისტებისთვის, თითოეული მათგანი კი გამოცდაზე გასასვლელად 160 ლარს იხდის.
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში 5000-მდე ადვოკატია გაწევრიანებული და ისინი წელიწადში 100-200 ლარ საწევროს იხდიან, მაშინ ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა გროვდება. თუმცა, თანხის მიზნობრიობას დღეს არცერთი სტრუქტურა არ იკვლევს. ამ საკითხით „კვირა“ დაინტერესდა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ორგანიზაციაში და „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში აღნიშნეს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესულან და წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა თანხებს იხდიან იურისტები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, ანდა, რატომ გაიზარდა იურისტებისთვის თანხა 60-დან 160 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ იურისტთა უმრავლესობა ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებს. დღეს მოქმედი ადვოკატები, რომლებმაც გამოცდები 2006 წელს უფასოდ ჩააბარეს, ძირითადად, ადვოკატთა ასოციაცის წევრები არიან და კომენტარისგან თავს იკავებენ.
ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მან გამოცდები 2011 წელს ჩააბარა და 60 ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ კი ამ საკითხით აღარ დაინტერესებულა.
ადვოკატი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, აცხადებს, რომ იგი 2006 წელს გამოცდებზე უფასოდ გავიდა.
„არ ვიცი, როგორ გითხრათ ,160 ლარი ბევრია თუ ცოტა, ამ თანხას ადვოკატთა ასოციაცია აწესებს, ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა ადვოკატმა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
თუმცა, ყოფილ მოსამართლეს კობა კობახიძეს, რომელიც 2002 წლიდან ადვოკატია, მიაჩნია, რომ იურისტი ადვოკატთა სერტიფიცირებული გამოცდებისთვის თანხას საერთოდ არ უნდა იხდიდეს.
„მე რომ მკითხოთ, თანხა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. 160 ლარი თითქმის 100 აშშ დოლარია. რა საჭიროა გამოცდისთვის ამხელა თანხა? თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, როცა მათ რიგებში ახალგაზრდა იურისტი წევრიანდება და იგი საწევროს სახით 200 ლარს გადაიხდის. ასეთი ადამიანები პირიქით უგამოცდოდ უნდა მიიღონ. შეიძლება იურისტი სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილია და ადვოკატობა სურს, რატომ უნდა გადავახდევინოთ ეს თანხა? მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს გადასახადი გამოცდებზე“, – აღნიშნა ადვოკატმა კობა კობახიძემ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
როგორც „კვირას“ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კოორდინატორმა ანა გოდერძიშვილმა განუცხადა, იურისტები გამოცდებზე ელექტრონულად რეგისტრირდებიან, გამოცდაზე კი იმ ქვითარს წარადგენენ, რომელიც მათ „ვითიბი“ ბანკში გადაიხადეს.
„გამოცდები უკვე მიმდინარეობს. 160 ლარია გადასახდელი, ეს თანხა ძვირი არ არის, რადაგან გამოცდისთვის იბეჭდება მასალა, რომელსაც იურისტები სწავლობენ. ჩვენ გამოცდებისთვის უნივერსიტეტს ვქირაობთ, რომ გამოცდები კომპიუტერთან ჩატარდეს. თუ იურისტმა სათანადო ქულა ვერ დააგროვა, თანხა უკან არავის უბრუნდება. სულ 100 საკითხია, თითოეული საკითხის გასაჩივრება 10 ლარი ღირს, შეიძლება მხოლოდ სამი-ოთხი ტესტი გაასაჩივროთ. ბევრი არ საჩივრდება. ასევე ტესტის გასაჩივრება ფიზიკურად და ფინანსურადაც ვერ მოხერხდება. გასაჩივრებაც ჩვენივე ოფისში ხდება“, – აღნიშნა ანა გოდერძიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თავად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს გამოცდაზე გასასვლელად გადასახდელი თანხა – 160 ლარი საგანგაშოდ არ მიაჩნია და იგი იურისტებისთვის მომავალში ამ თანხის 400 ლარამდე გაზრდას ვარაუდობს. თუმცა, მას „კვირას“ შეკითხვები არ მოეწონა და ჟურნალისტი საგადასახდო ინსპექტორს შეადარა.
„გამოცდებს აბარებს ის, ვისაც ადვოკატობა სურს. შარშან, 700 კაციდან, სერტიფიკატი მხოლოდ 15 პროცენტმა მიიღო. ეს თანხა ჩვენს ბიუჯეტში მიდის, დიდი ხარჯი გვაქვს, გენაცვალე, წიგნებს ვბეჭდავთ, გამსწორებელ კომისიას ვიწვევთ. ხელფასს ვუხდით მათ. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით თუ საგადასახადო ინსპექტორი, ეს რა კითხვებია? ეს თანხა შემოდის ასოციაციის ბიუჯეტში. ასოციაცია ქირაობს ფართს, კომპიუტერებს თავისუფალ უნივერსიტეტში, რომ თითოეული მონაწილე დაცული იყოს ყოველგვარი ზეგავლენისაგან. ახლა ვფიქრობ, რომ გამოცდები გავაძვირო და 400 ლარი გავხადო. გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება. იმიტომ, რომ ყოველი ტესტი ძვირად ღირებული სპეციალისტების მიერ არის ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნას. რაც შეიძლება ბევრი ტესტი უნდა დაიწეროს, რომ უფრო ხარისხიანი იყოს გამოცდები. მოწვეულ სპეციალისტებად კი, უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს, ექსპერტებს, პროფესორებს ვიწვევთ. მათთან ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. იცით თქვენ თუ არა, რომ უკრაინაში ანალოგიური გამოცდები 900 ლარი ჯდება, ჩვენთან- საქართველოში კი ყველაზე იაფია“, – ამბობს ზაზა ხატიაშვილი.
რა თანხას უხდის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „თავისუფალ უნივერსიტეტს“ გამოცდების ჩატარებისთვის, ეს ინფორმაცია არც ზაზა ხატიაშვილმა გაამხილა და არც „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პრესსამსახურის უფროსმა ბექა კოკაიამ.
„ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა და პირობებს ვერ გავამხელთ“, – აღნიშნა ბექა კოკაიამ.
და ბოლოს, ზაზა ხატიაშვილის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტიდან შარშან 42 500 ლარი მიიღო. ზაზა ხატიაშვილს ორი შვილი ჰყავს და წელიწადში მათი განათლებისთვის 2500-2500 ლარს იხდის.
ზაზა ხატიაშვილს პირად ანგარიშზე 7000 ევრო აქვს და ავტომანქანა „TOYOTA Corolla“ ჰყავს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სახელზეა გაფორმებული ბინა რუსთაველის გამზირზე, ხოლო მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი ბინა ვაზისუბნის დასახლებაში.