ძაღლის მეპატრონე თუ ტერიტორიას ფეკალიებისგან არ გაასუფთავებს, 50 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტში “ნარჩენების მართვის კოდექსში” შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც ნარჩენების სფეროში სამართლებრივი საფუძვლები უნდა განისაზღვროს.
კანონის მიხედვით ის ადამიანი დაჯარიმდება, რომელთა შინაურმა ცხოველმა, ტერიტორიების ფეკალური მასებით დაბინძურება მოახდინა. თუ მეპატრონემ ფეკალური მასისგან დაბინძურებული ტერიტორია არ გაასუფთავა, მას 50 ლარით დააჯარიმებენ. ხოლო 150 ლარით დაჯარიმდება ის ადამიანი, რომლის ცხოველმა, ტერიტორიის 1 კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება მოახდინა.
აღნიშნულ კანონს უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონი გაუაზრებლად დაწერილია და გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი.
“ეს კანონი არის გაუაზრებელ სურვილებზე აგებული. კანონში გვაქვს, რომ ძაღლის და სხვა ცხოველების მიერ ტერიტორიის ფეკალური მასებით დაბინძურება იწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, თუმცა, ცხოველის მეპატრონე თუკი ტერიტორიის გასუფთავებას მოახდენს, მისთვის ჯარიმა არ იმოქმედებს. იქვე მეორე ნაწილში წერია, რომ ტერიტორიის ერთი კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება 150 ლარით ჯარიმდება. იქნებ ამასაც ასუფთავებს ადამიანი?“ – განაცხადა ხაჩიძემ.
უმცირესობის წევრის ამ განცხადებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე გამოეხმაურა. როგორც სხდომაზე ბითაძემ განმარტა, ამ პროცესებს ის ადამიანები გააკონტროლებენ, რომლებიც სამინისტროში მუშაობენ.
“ამას ის ადამიანები გააკონტორლებენ, რომლებიც აქამდე მუშაობდნენ ჩვენს სამინისტროში. ახლა ამაზე არ გვაქვს საუბარი. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შინაურმა ცხოველმა ერთ კუბურ მეტრზე მეტი ფეკალური მასა დატოვოს, რაც გარემოს ზიანს აყენებს. როდესაც ადამიანი ასეირნებს ძაღლს, თუ მას მიეცა საშუალება, რომ აიღოს ამ ძაღლის ფეკალური მასა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მაგრამ არის შემთხვევა, რომ ეს არ არის ცხოველი და ერთი კუბური მეტრი ნაკელის დატოვება ძაღლს არ შეუძლია. ეს სასაცილო, მაგრამ საინტერესო თემაა, რადგან ნაკელი უადგილო ადგილას გარემოს ზიანს აყენებს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები