საქართველოს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის პროექტის „საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკა“ ხელმძღვანელი ჯონ არნოლდი და პროექტის სხვა ექსპერტები მიიღო.
შეხვედრისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ტრანსპორტის დარგის მნიშვნელობაზე, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ტრანსპორტის სექტორში და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხედვაზე.
აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაიწყო პროექტი საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე. მისი განხორციელების სავარაუდო პერიოდია 12 თვე, რომლის შემდეგაც გათვალისწინებულია შემუშავებული სამოქმედო გეგმის დანერგვის მხარდაჭერა. ტექნიკური დახმარების ფარგლებში აზიის განვითარების ბანკმა 750,000 აშშ დოლარი გამოყო.
აზიის განვითარების ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო გუნდი.
პროექტი ითვალიწინებს საქართველოს სატრანსპორტო სექტორის სიღრმისეულ შეფასებას და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდას; განვითარდება ლოგისტიკის სექტორი, რაც განაპირობებს ქვეყნის ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში და მის ეფექტურ დაკავშირებას მსოფლიო ბაზრებთან. სექტორული სტრატეგია ტრანსპორტის სფეროში უზრუნველყოფს სხვადასხვა სატრანსპორტო უწყებებს შორის მოქნილი თანამშრომლობის მექანიზმის დანერგვას და ამასთან გააუმჯობესებს უსაფრთხოებისა და უშიშროების ნორმებს სატრანსპორტო ოპერაციების შესრულების დროს.
აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დღესვე მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები