გიორგი კვირიკაშვილი – “აირზენას” საკითხში არის ორი მხარე, ჩვენ მათ შორის ბალანსი უნდა დავიცვათ

“ჯორჯიან ეარვეისსა” და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის დღეს განვითარებული მოვლენებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ტურიზმის შემცირების ხარჯზე კერძო კომპანიების დახმარება არ მოხდება.
“აირზენას“ საკითხში არის ორი მხარე. ერთი მხარე არის კომპანიის ინტერესები და მეორე მხარე – მომხმარებელი, ანუ ტურისტები, რომელშიც იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მოლაპარაკებებში ვართ რუსულ მხარესთან. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი ამ ორ მხარეს შორის. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპეკულაციები, რადგან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია და, ვფიქრობ, ცალკეული ადამიანები ძაბავენ ამ სიტუაციას. ტურიზმის შემცირების ხარჯზე ჩვენ კერძო კომპანიების დახმარებას ვერ მოვახდენთ. ჩემთვის ამ ადამიანების გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ ეს პრობლემა არის ძალიან მრავალწახნაგოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან შესაძლო გამოყოფას, როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა, თავად ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს წყვეტს და საპროტესტო გაფიცვას იწყებს
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროტესტო აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
საპროტესტო გაფიცვაში მონაწილეობას კომპანიის მფრინავები, ტექნიკოსები და სხვა თანამშრომლები მიიღებენ.
რაც შეეხება ავიაკომპანიის მოთხოვნებს, ესენია – გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისი მიმართულებით ფრენებზე; დაუყოვნებლივ გაუქმდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ რუსულ ავიაკომპანიებზე გაცემული ფრენის ნებართვები; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე, ანუ 2006 წლის ნოემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები