ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის III კვარტალში 508 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. IFC-ის წარმომადგენლების განცხადებით, მისასალმებელია უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა, რაც ნდობის ფაქტორს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განმარტებით, ცვლილებები შევიდა საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს შესახებ კანონში და გადაიდგა ნაბიჯები საინვესტიციო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოებლად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლარის კურსის ცვალებადობის საკითხს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინვესტიციო პოლიტიკის მთავარი სპეციალისტის ჰარალდ იედლიკას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.
„შეხვედრაზე შევეხეთ ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის, ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის ცნება, რომელსაც ეკონომისტები ვიცნობთ, როგორც შედარებითი ფასების ცვლილებებს. ბოლო პერიოდში ევროფასებმა მნიშვნელოვნად დაიწყო კლება და, ამავდროულად, მოხდა დოლარის აფასება. ამან ჰპოვა ასახვა ლარზეც, რაც არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ლარს პრობლემები აქვს. პირიქით, ლარი არის მოქნილი, ცვლილებებმა აჩვენა მისი სიძლიერე, რამდენადაც ქვეყანაში სავალუტო კომპონენტებმა აითვისა ეს რყევები,“– განაცხადა ჰარალდ იედლიკამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
IFC– მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომლის წევრი საქართველო 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC-ის საკონსულტაციო პროექტები ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მენეჯერი ლიზა კესტნერი, გლობალური სპეციალისტი პროდუქტების საკითხებში რობერტო ეჩანდი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები