„უკრაინის მთავრობას რომ ნდომებოდა, სამხედრო სფეროშიც ჰყოლოდა ქართველი ექსპერტები, აიყვანდნენ კიდეც მათ“

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ფანჯიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, უკრაინის მთავრობა როგორ იმოქმედებს.
„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების მისამართით სააკაშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ის საფუძველს მოკლებულია. თუ უკრაინის მთავრობას ექნებოდა სურვილი, რომ სამხედრო სფეროშიც ჰყოლოდა ქართველი ექსპერტები, ისინი სხვა გზას აირჩევდნენ და აიყვანდნენ მათ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, უკრაინის მთავრობა როგორ იმოქმედებს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ.
“უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ქართველი ოფიცერი, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომს, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები