„სააკაშვილი, როგორც ძებნილი, ახლა პარიკით და სხვა გვარ-სახელით უნდა დადიოდეს“

„ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა პარიკით და სხვა გვარ-სახელით უნდა დადიოდეს. ის ძებნილია და უამრავ დანაშაულში მიუძღვის ბრალი“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქანთარიამ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ, მავნებლური უწოდა. დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ხელოვნურად ქმნის არარსებულ თემებს და ამით ბაქიბუქობს.
„ სააკაშვილის მიერ უცხოეთიდან ყოველგვარი ენის გამოყოფა აზრს არის მოკლებული, ის ხელოვნურად ქმნის რაღაც თემებს. ბევრი მავნებლური განცხადება გააკეთა მან უცხოეთიდან, ის ამით მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს საკუთარ მდგომარეობას. ეს მისი ბოდვები და ბაქიბუქია. რაც შეეხება საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნას, გეტყვით, რომ სკანდალის მიზეზი გახდებოდა ის, რომ მათ ყოფილი ხელისუფლების რომელიმე ძებნილი პირი დაენიშნათ თანამდებობაზე, მაგრამ ასე არ მომხდარა. ვინც დანიშნეს, თუკი ამ ადამიანებზე პოროშენკო თვლის, რომ შეიძლება ისინი უკრაინას გამოადგნენ, მაშინ ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ისინი“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ.
“უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა, წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები