საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკრაინას დახმარება შესთავაზა

  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა და უკრაინელი კოლეგების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელები ამ ეტაპზე ადამიანური რესურსებით, მედიკამენტებით, ან სახარჯი მასალით დახმარებას არ საჭიროებენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის, უკრაინას დაეხმაროს ყველა იმ მიმართულებით, რაც მათთვის კრიზისული და დეფიციტური იქნება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება ქართველი ექიმების ჩასვლა უკრაინაში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრს ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მყისიერად მოხდეს მათი დახამარება იმ მიმართულებით, რომელსაც ისინი საჭიროებენ.
შეგახსენებთ, რომ 20-მდე ქართველმა ექიმმა დაშავებულების დასახმარებლად უკრაინაში გაემგზავრების სურვილი გამოთქვა. ამ მიზნით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გამართა და უწყების წარმომადგენლებს კოორდინაციასა და საორგანიზაციო საკითხებში დახმარება სთხოვეს. უკრაინელთა სურვილის შემთხვევაში, ანესთეზიოლოგები, ქირურგები და, მათ შორის, დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე მზად იყვნენ უკრაინელებისთვის პროფესიული დახმარების გასაწევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები