ომბუდსმენი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოახდინოს გაეროს 2006 წლის კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალურ უფლება დარღვევებზე, საჩივრების მომზადება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტისადმი მიმართვა.
„3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მათი უფლებების, თანასწორობისა და ღირსების პატივისაცემად. ამ დღის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა, სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, თანაბარი შესაძლებლობების, ინკლუზიური საზოგადოების თემის პოპულარიზაციაა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” ინიციატივითა და ხელშეწყობით 1992 წლიდან აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სახელმწიფოს, გაერთიანდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევების დასაძლევად, შექმნან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადამიანის უფლებების მიდგომით მოტივირებული სახელწიფო პოლიტიკა და მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმიზაცია, როგორც ბიუჯეტირებისას, ისე პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას.
2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დაასახელა. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მონიტორინგის მექანიზმის თემასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის მიზნით გამართა დისკუსიები სამეგრელოს, აჭარის, იმერეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა.
ასევე მონიტორინგის ეფექტური მუშაობის მექანიზმის შემუშავების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გამართა პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, მეორე შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება.
2015 წლის იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოიცავს აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის რეორგანიზაციას დეპარტამენტად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების საბჭოს ფორმირებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს როგორც მონიტორინგის დაგეგმვის, ისე განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
საქართველოს სახალხო დამცველის გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს როგორც მონიტორინგისა და დაცვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის კუთხით. სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური უფლება-დარღვევები, ასევე სისტემური ხარვეზები დასაქმების, ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის/აბილიტაციის, განათლებისა და პირადი ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება
როგორც ფიზიკური, ისე საინფორმაციო ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინფრასტუქტურის ბარიერები, სამართლებრივი დაცვა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა სახალხო დამცველის ოფისისადმი მომართვიანობა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებითა და რეგიონებში აქტიური მუშაობით იქნა შესაძლებელი.
მიმდინარე წელს სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადდა სპეციალური ანგარიშები: საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ჭრილში; სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შშმ ქალის–მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხებზე; საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაცია საქართველოში; ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. მიმდინარეობს მუშაობა კვლევაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისადმი მგრძნობიარე ბიუჯეტირება ადგილობრივ თვითმმართველობებში.
მიმდინარე წელს საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია და წინადადება შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დარღვეული უფლებების აღდგენას და მოუწოდებდა მთავრობას ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირებისკენ. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს გაეროს 2006 წლის კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალურ უფლება დარღვევებზე საჩივრების მომზადება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტისადმი მიმართვა. ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ევროპის სოციალური ქარტიის მე-15 მუხლის 1 და მე-2 პარაგრაფების აღიარებისაკენ, რომლებიც მოიცავს დებულებებს, რომელთა განხორციელების ვალდებულება საქართველომ უკვე აიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციის რატიფიცირების შედეგად და ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მე-14 თავის 349-ე მუხლის საფუძველზე. ამ პარაგრაფების აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები