პარლამენტი ევროკავშირის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას დათანხმდა
პარლამენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას დათანხმდა. ამ გადაწყვეტილების მომხრე 106 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი – 1. საკითხი სესიაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა წარადგინა. ევროკავშირმა საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით მიმართა. ოფიციალური მოწვევა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოაგზავნა. მისია 2014 წლის მაისში დაიწყება. მისი ხანგრძლივობა ექვსი თვე იქნება.