„ საქართველოს წინა ხელისუფლება ლაფანყურში მოკლული ადამიანების ჩამოყვანასა და გაწვრთნაში თავად მონაწილეობდა“

„ლაფანყურის შესახებ საზოგადოებრივი საბჭოს მუშაობის დასრულების შემდეგ ამ საქმეზე იმაზე მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე მის შესწავლამდე არსებობდა“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.
არეშიძის განცხადებით, საბჭოსთან არ თანამშრომლობდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რის გამოც მათ სრულყოფილი მუშაობის საშუალება არ მიეცათ.
ექსპერტმა ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, რომ შეიძლება ლაფანყურის სპეცოპერაცია საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ერთი ფრთის მიერ მეორის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია ყოფილიყო. არეშიძემ საქმეში თურქული მხარის ჩართულობაც არ გამორიცხა.
„საზოგადოებრივ საბჭოს, რომელიც ლაფანყურის თემაზე ვმუშაობდით, უნდა დაგვედო დასკვნა, მაგრამ ჩვენ ანგარიში მოვამადეთ. ვერ მოვახერხეთ დასკვნის დადება. შედეგების მიხედვით ამ საქმეზე იმაზე მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე მანამდე იყო. ვერ ვთქვით, თუ რატომ ჩამოჰყავდათ ეს ხალხი, რა მიზანს ემსახურებოდა? ჩვენ ვერ შევძელით გვეთქვა, ეს ხელისუფლების სხვადასხვა ფრთამ გაუკეთა ერთმანეთს თუ სხვა რამ გარემოება იყო. თუკი ეს გარემოება იყო, გამოდის, რომ ჩვენ არც საზღვრის დაცვა გვქონია, არც პოლიცია გვყოლია, რომელსაც ასე ვაქებდით და, ზოგადად, უსაფრთხოება არ ყოფილა დაცული. როცა შეუძლია 20- კაციან შეიარაღებულ ფორმირებას ასე მარტივად საქართველოს აქეთ-იქეთ ტერიტორიაზე გადაადგილდეს, ეს რას ნიშნავს? ხელისუფლებამ მოიტყუა გარდაცვლილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც. რატომ ტყუოდნენ? როგორ მოხდა, რომ ერთი გადარჩენილი მაინც გადავიდა დაღესტანში. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, ამ ოპერაციის დაგეგმვაში რამდენად მონაწილეობდა საქართველოს წინა ხელისუფლება, მაგრამ ის ნამდვილად მონაწილეობდა ამ ადამიანების მოხმობაში, ჩამოყვანაში, გაწვრთნასა და მომზადებაში. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ვინც ამ ახალგაზრდების ჩამომყვანი იყო, თურქეთის მხარემ სტამბოლში დააპატიმრა, როგორც „გრუს“ აგენტი. შეიძლება საზღვარზე გადასულ პიროვნებას გადაეტანა რაიმე ნივთმტკიცება, ან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ფული. შეიძლება ეს პირი აქაც, იქაც და იმის იქითაც ყოფილიყო ვიღაცასთან შეთანხმებული. მარტოც შეიძლება სწორედ იმიტომ გადავიდა, რომ მას იქ ელოდებოდნენ. ამ სპეცოპერაციის საქმეში შესაძლოა, თურქეთიც ყოფილიყო ჩართული“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან მიმართებაში რაღაც არ გამჟღავნდეს. „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმეში ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესი იყო“,- აცხადებს არეშიძე და დასძენს, რომ შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაცისთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ვანო მერაბიშვილი ფლობდეს.
„საქართველოში არის ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლების მმართველობის შესახებ ყველაფერი იცოდა და ყველა ინფორმაციას ფლობდა, ასეთი იყო ვანო მერაბიშვილი, თუმცა ის უშუალოდ ამ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და არ ვიცი, რამდენად ფლობს ამ საქმეზე ყველა ინფორმაციას“, -აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა. 2012 წლის 28 აგვისტოს კი ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო დივერსიული ჯგუფი. შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედიოდნენ: იმჟამად შს მინისტრი ბაჩო ახალაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. შტაბს ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ: შსს-ს თანამშრომლები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. ამავე ინფორმაციით, დაჯგუფების 11 წევრი ლიკვიდირებული იყო. თუმცა, ანგარიშის თანახმად, საბჭოს შსს-მ 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის წერილებით აცნობა, რომ სინამდვილეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა დაჯგუფების 7 წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები