„საქართველოში პრობლემების შექმნით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება“

  ეკონომიკურად სტაბილური საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პრობლემების შექმნით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ თავისი დასავლურობა არა ვინმესთან დაპირისპირებაზე, არამედ საკუთარ უნიკალურ ევროპულ იდენტობაზე უნდა ააგოს.
“ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება, არამედ, შესაძლოა, პირიქითაც. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად სტაბილური საქართველო, რომელმაც გააკეთა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას, ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომლის მიზანიც კეთილმეზობლობაა, ოღონდ იმის საფუძველზე, როდესაც დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამ ღირებულების პატივისცემის ფონზე. ამ რაციონალური მიდგომით ჩვენ შევცვალეთ წინა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც არავითარი შედეგი არ ჰქონდა. ჩვენ ჩვენი დასავლურობა არა ვინმესთან დაპირისპირებით, არამედ საკუთარ უნიკალურ ევროპულ იდენტობაზე ავაგეთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან დიალოგი გააღრმავოს, – საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები