ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და კონსტიტუციის გადახედვის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, მანვე მზადყოფნა გამოთქვა სახალხო ნდობის მთავრობის ფორმირების შესახებ. „ამ საშინელი ტრაგედიის დროს, როცა უკრაინამ ამხელა დანაკრგი განიცადა და ბარიკადების ორივე მხარეს დაიღუპნენ ადამიანები, ჩემს ვალად მიმაჩნია ყოველი მათგანის ნათელი ხსოვნის წინაშე განვაცხადო, რომ ჩვენთვის არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა. ორივე მხარეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა და გადაგვედგა ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინას მშვიდობას მოუტანდა. მე მინდა გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ეს დაგეგმილი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, რათა სიმშვიდე მოიპოვონ გარდაცვლილთა სულებმა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი. მინდა გაცნობოთ, რომ გამოვდივარ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ინიციატივით, ასევე ვაცხადებ, რომ საჭიროა, გადაიხედოს 2004 წლის კონსტიტუცია და მასში შევიდეს ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პარლამენტის როლს გააძლიერებს. პროცედურების საწყის ეტაპზე კი მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ ნაციონალური ნდობის მთავრობა დაკომპლექტდეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ამით ვასრულებ ჩემს ვალდებულებას, რომელიც კონსტიტუციით დამეკისრა და ვასრულებ უფლისა და ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას“,- აღნიშნულია იანუკოვიჩის განცხადებაში.