დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი – როგორ გაჩნდა მუსიკალური ნოტების სისტემა და სახელწოდებები (ვიდეო)

 

    დამწერლობამ, კაცობრიობის ამ უდიდეს გამოგონებათაგანმა, ადამიანებს საშუალება მისცა თავიანთი შთამომავლობისთვის ფიქრები, იდეები, მისწრაფებები და ისტორიული მოვლენების ქრონიკა გადაეცათ. სხვა დიდმა გამოგონებამ, როგორიცაა სანოტო ჩანაწერი, ადამიანებს მომავალი თაობებისთვის ხმის, მელოდიის, მუსიკის გადაცემის საშუალება შექმნა. თანამედროვე სანოტო ნიშნების , მათი ჩაწერის სისტემის შექმნელი – მუსიკის ცნობილი თეორეტიკოსი ბენედიქტელი ბერი გვიდო მონაკო (დაახლ. 990-1050 წწ.) იგივე გვიდო არეცოელი გახლდათ . ამ ბერს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ : გვიდო მონაკო ( მონაკო – იტალ. ბერი, მონაზონი), გვიდო დ’არეცო ( დაერქვა მოღვაწეობის ადგილის – ქალაქ არეცოს გამო), გვიდო პომპოზიანო ( გვიდო არეცოში გადასვლამდე პომპოზას სააბატოში მოღვაწეობდა).
არეცოს სააბატოში მოღვაწეობისას გვიდომ მრავალმხრივი მუსიკალური რეფორმა განახორციელა, რამაც მას ფართო აღიარება მოუტანა და ის პომპოზაში გადადის. გადასვლის მიზეზი გადმოცემით ორი სახისაა: ერთის თანახმად მისმა პოპულარობამ არეცოელი ბერების შური და საეკლესიო ხელმძღვანელობის ანტიპათია გამოიწვია, რამაც გვიდო სააბატოს დატოვება აიძულა. მეორე ვერსიით, პომპოზას სააბატო თავისი მუსიკალური მიღწევებით იყო ცნობილი და გვიდოც სააბატოს წარმომადგენლების თხოვნით და მუსიკისადმი უფრო მეტი ყურადღების დათმობის პირადი სურვილით პომპოზაში გადავიდა.
პომპოზას სააბატოში გვიდო ბერებს საეკლესიო საგალობლების შესრულებას ასწავლიდა. საგალობლების სიმრავლიდან გამომდინარე მათი დამახსოვრება მანამდელ თუ იმჟამინდელ ევროპაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ცნობილია, რომ იმდროინდელ ევროპაში საგალობლების სრული „შესწავლის კურსი“ დაახლოებით ათი წელი გრძელდებოდა.
და აი გვიდო პომპოზას სააბატოში მოღვაწეობისას მუსიკაში რევოლუციურ გამოგონებას ახდენს. მან ხმების ნოტებით ( ლათინ. Nota -ნიშანი) ჩაწერა დაიწყო. გვიდო ნოტებს სანოტო დაფაზე დაშტრიხული კვადრატებით აღნიშნავდა, ამასთანავე მან ოთხ პარალელური ხაზიც შემოიტანა. უფრო მაღალი ტონის ნოტი ამ პარალელურ ხაზებზე უფრო მაღლა გამოსახებოდა. ამჟამად ეს ხაზები ხუთია და ნოტებიც არა კვადრატების, არამედ შტილიანი და დროშებიანი თავთავებით აღინიშნება, მაგრამ გვიდოს შექმნილი პრინციპი უცვლელი დარჩა.
გვიდომ სანოტო სისტემის საფუძვლად წმინდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი კათოლიკური საგალობელი „Ut queant laxis“ გამოიყენა. მან აკროსტიხის პრინციპის თანახმად ამ საგალობლის სტროფების საწყისი ასოები აიღო და მათი საშუალებით ნოტები – ut, re, mi, fa, sol, la შექმნა. საინტერესოა რომ ამ საგალობელში ყოველი სტროფი წინაზე უფრო მაღალ ტონში იმღერებოდა, შესაბამისად გვიდოს ჩანაფიქრიც ოპტიმალური იყო. როგორც მოგახსენეთ საგალობელს „Ut queant laxis“ ერქვა და მისი ტექსტი შემდეგი გახლდათ:
UT queant laxis
REsonare fibris
MIra gestorum
FAmuli tuorum
SOLve polluti
LAbii reatum
Sancte Ioannes.
პირველი ნოტი UT მოგვიანებით DO –თი ჩაანაცვლეს, მიზეზი მისი მოუხერხებელი ჟღერადობა გახლდათ. ეს ცვლილება ვინმე ჯონ დონს მიეწერება, რომელმაც დაახლ. 1540 წელს ნოტს სახელი უზენაესის საპატივცემულოდ DO უწოდა (ლათინ.Dominus – ღმერთი, უფალი) . მეშვიდე ნოტი შუა საუკუნეებში გაბატონებულ ექვსსაფეხურიან ხმათაწყობაში თავდაპირველად არ შედიოდა და მოგვიანებით, დაახლოებით 1574 წელს თანამედროვე ოქტავურ სისტემაზე გადასვლისას მუსიკის თეორიტიკოსებმა მეშვიდე ნოტს SI უწოდეს. ამ სახელის შერჩევისას გვიდო დ’არეცოს მიბაძეს და ზემოთხსენებული წმინა იოანეს საგალობელში არსებული ბოლო სტროფიდან წმინდანის ინიციალები SI (Sancte Ioannes )გამოიყენეს. დასასრულს თვალსაჩინოებისთვის (ან „ყურსაჩინოებისთვის“) უპრიანი იქნებოდა საგალობელი„Ut queant laxis“ წარმომედგინა და ასეც მოვიქცევი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SugtS3tqsoo” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები