კარასინი: რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე საუბრობს. ინტერვიუ მან „ეხო კავკაზას“ მისცა.
კარასინის აზრით, „საქართველო, როგორც ჩანს, თავს არაკომფორტულად გრძნობს, პირველ რიგში, იმ ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, როდესაც მან საკუთარი ტერიტორიის 1/5 დაკარგა. ეს ნამდვილად არაკომფორტულია. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენ ახლა პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ იმ სფეროებში ურთიერთქმედება დავამყაროთ, სადაც ეს დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეა შესაძლებელი. ასეთი სამუშაო მიმდინარეობს და გაგრძელდება“, – განაცხადა კარასინმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, რადგან „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა მან გაწყვიტა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიცირება ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ“. კარასინი დარწმუნებულია, რომ ურთიერთობები „უნდა აღადგინოს მან, ვინც გაწყვიტა“. ამასთან, კარასინი ამბობს, რომ რუსეთი „ზღვასთან არ იჯდება და კარგ ამინდს არ დაელოდება.
„ჩვენ ურთიერთქმედებას იმ სფეროებში ვამყარებთ, რომლებიც 2 ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ ურთიერთობა, ერთმანეთთან მიმოსვლა, კონფერენციებზე და სხვა ღონისძიებებზე შეკრება შეძლონ. ეს მუშაობა იმ ხარისხით გაგრძელდება, რომლისთვისაც მზადაა ყოველი მხარე. ვიმედოვნებ, რომ ქართული მხარეც, ჩემი კოლეგა ზურაბ აბაშიძე და რუსული მხარე, მათ შორის მე, ამ სამუშაოსთვის მზად ვართ და ქმედებებს განვაგრძობთ“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები