ლეგენდა კარსანზე სოფელი-მოჩვენება

არ არსებობს ქალაქი ან სოფელი ლეგენდებისა და მითების გარეშე.  ზოგს მათი სჯერა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ხალხში გავრცელებული ყურმოკრული ამბები, ქალაქური ლეგენდები, შიშები და ღამის კოშმარები უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.  მაგრამ, საკმარისია საგნების ჩვეული მდგომარეობა დაირღვეს, რომ ყველაზე ურწმუნო ადამიანებიც კი ინსტინქტურად გრძნობენ, როგორ იცვლება მათი შეხედულებები ამ საკითხზე.

DSC_0527

მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ლეგენდების, მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, რადგან ადამიანს აინტერესებს ყველაფერი, რაც მისი ცნობიერებისთვის დაფარულია. როდესაც ისეთ ადგილას მოხვდები, რომელსაც რაიმე საიდუმლო ან ლეგენდა უკავშირდება, ცდილობ ლოგიკური ახსნა მოუძებნო ყოველ ფაქტს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკური განმარტების პოვნა ყოველთვის არ გამოდის. მაგალითად, ლაბირინთივით დახლართულ ბნელ გვირაბებში დახეტიალობ და ხედავ სინათლის სხივს, რომელიც გაურკვეველია თუ საიდან შემოდის. ან, უეცრად ჰაერის საკმაოდ ძლიერ ნაკადს შეიგრძნობ, რომელიც უკან დაბრუნებისას სადღაც ქრება. ასეთ დროს, უბრალოდ შეშდები და თავში ყველაზე მშფოთვარე აზრები მოგდის. აზრები იმაზე, თუ რა იმალება ამ ბნელი და ნესტიანი გვირაბების სიღრმეში…

DSC_0598

მე გამძაფრებული მაქვს ინტერესი ძველი, მიტოვებული ადგილების მიმართ და დაუფიქრებლად შევდივარ კარში, სადაც „შესვლა აკრძალულია“. როდესაც მიტოვებულ შენობებში, გვირაბებსა და კატაკომბებში დავხეტიალობ, შინაგანად რაღაც მკარნახობს, დროზე გავეცალო იქაურობას, მაგრამ ყველაფერი ისე საინტერესოდ მეჩვენება, რომ ვგრძნობ, თითქოს მეც  რაღაც საიდუმლოების ნაწილი გავხდი. საიდუმლოს, რომელიც ამ კონკრეტულ ადგილს უკავშირდება.

DSC_0528

ნესტის, სიძველისა და სიდამპლის სუნი თითქოს წარსულში მამოგზაურებს და ვგრძნობ, რომ სადღაც, ჩემთან ძალიან ახლოს სხვა სამყარო არსებობს. საინტერესო და ამაღელვებელი, მაგრამ სახიფათო.  ეს სამყარო, იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენია. შეიძლება მარტო ერთი კედელი გყოფდეს, ან შენი ფეხის ქვეშ იყოს და მის სანახავად, უბრალოდ საჭირო ორმოში უნდა ჩაძვრე. თუ თქვენც გიზიდავთ ლეგენდებითა და ბურუსით მოცული ამბები, მაშინ აუცილებლად უნდა გახდეთ ამ რუბრიკის მკითხველი. ამჯერად, ერთ პატარა, იდუმალებით მოცულ სოფელზე გიამბობთ.

ლეგენდა კარსანზე

გადმოცემის თანახმად, თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში მდებარე სოფელ კარსანში, ძველად ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემი დასახლდა. 1904 წელს, აქ თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია გაიხსნა, რომელიც 1935 წლამდე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით, ეს ლამაზი შენობა ტუბდისპანსერად გადაკეთდა.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კარსანი ლავრენტი ბერიას ბრძანებით მოსახლეობისგან დაცალეს და გადაკეტეს, რადგან ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე უნდა ემუშავათ. ადგილობრივები მიწისქვეშა დარბაზების არსებობაზე ყვებიან, სადაც დანადგარების საშუალებით, დედამიწის ცენტრს ზომავდნენ. ზოგი კი იმასაც ყვება, რომ ტუბდისპანსერში, უშიშროების ყოფილი თანამშრომლები და ის ადამიანები მოჰყავდათ, რომელთა თავიდან მოშორება სურდათ და მოსაჩვენებლად „მკურნალობდნენ“.

DSC_0531 DSC_0532

 როგორც მოგეხსენებათ, ბერიას სახელს მრავალი საიდუმლო უკავშირდება. ყოველი შენობა, სადაც ის იმყოფებოდა, საშინელ ამბებს ინახავს. მას ობსერვატორიის ყოფილ  შენობაშიც ჰქონია კაბინეტი. ომის შემდგომ, ეს ნაგებობა არქეოლოგებს გადაეცათ, რომლებიც არმაზისხევი-ბაგინეთი-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ. ტუბდისპანსერმა ფუნქციონირება 1980-იანი წლების ბოლოს შეწყვიტა. სოფელშიც ნელ-ნელა გაჩნდნენ მაცხოვრებლები. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, კარსანში ცხრა ადამიანი ცხოვრობდა.

DSC_0533 DSC_0538 DSC_0541

სახიფათო მოგზაურობა

კარსანში გამგზავრებამდე, ჩემს ნაცნობ დიგერს მივმართე. შემოდგომის თბილი დღე იყო. მანქანით სოფლისკენ მიმავალ გზას დავადექით, რომელიც სულ მაღლა და მაღლა ადიოდა. ზღვის დონიდან 700 მეტრზე  ავედით. პირველად ობსერვატორიის ძველი შენობა მოვინახულეთ, რომელიც სანახევროდ დანგრეულია.  შენობაში ძალიან ფრთხილად შევედით. ნებისმიერ წამს შეიძლება გამოგვცლოდა ფეხქვეშ მიწა, რადგან იატაკი, ზოგან მთლიანად, ზოგან კი სანახევროდ ჩაშლილი იყო.

DSC_0542 DSC_0543 DSC_0544 DSC_0547 DSC_0549

ძირს, გამოყენებული შპრიცები, წამლები, ექიმის ჩანაწერები, დამსხვრეული ჭურჭელი და ჩუსტები იყო მიმოფანტული, რომლებიც ალბათ სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს ეცვათ… ოთახებში ჩაშლილ-ჩამპალი ავეჯის ნარჩენები ეყარა. კედლებში წამლების შესაწყობ თაროებს დაეღოთ პირი. ეს ყველაფერი,  ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს საავადმყოფო ძალიან სწრაფად დაცალეს ხალხისგან და აღარასოდეს, არავინ აღარ შესულა… მხოლოდ დრომ დაამჩნია თავისი ხელი ყველაფერს…

DSC_0554 DSC_0555 DSC_0556 DSC_0557 DSC_0558

ფილებს შორის ამოზრდილი მცენარეები, კედლებზე ასული მღიერები და ფანჯრებში შემოჭრილი ხის ტოტები, იქაურობას პოსტ აპოკალიფსურ იერს სძენდა. ცნობისმოყვარეობის გრძნობამ, შენობის სარდაფში ჩასვლა გაგვაბედინა, სადაც თეთრეულისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების საწყობები იყო განთავსებული. შესასვლელში პატარა ტაბლო იყო მიმაგრებული, რომელზეც ქართულ და რუსულ ენაზე ეწერა – „ნუ მოსწევთ“.  სარდაფში, რამდენიმე ადგილას კედელში შეჭრილი პატარა კარი ვიპოვეთ. იქ ალბათ თეთრეულს ან სხვა ნივთებს ინახავდნენ.

DSC_0537

შენობის ათვისების შემდეგ, გვერდითა ეზოს პატარა ორმოში ჩავძვერით, რომელიც ადრე ალბათ დალუქული იყო. საფარი, რითიც ლუკი გადაეხურათ, სიძველისაგან ჩალპა და ჩაიშალა. ბნელ და ვიწრო გვირაბში აღმოვჩნდით, სადაც გაჭირვებით თუ გაივლიდა ადამიანი. გვირაბმა აგურით ნაშენ კედელთან მიგვიყვანა, რომელიც აშკარად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაეტიხრათ. კედელი გამომტვრეული იყო. აქაც გაჭირვებით გადავძვერით და პატარა ოთახში მოვხვდით, სადაც ძველი უცნაური დანადგარის ნაწილები იყო დარჩენილი. ჟანგიან მეტალის კონსტრუქციას, მრგვალი დისკები ეყენა, რომელიც სავარაუდოდ რაღაცას ატრიალებდა. ამწეს მსგავსი ზედა ნაწილი კი ოთახის ცენტრს დაჰყურებდა. იატაკის ცენტრალური ნაწილი ჩაბეტონებული იყო. ერთი ადგილიდან კარგად ჩანდა წრიული ფორმის მეტალის დისკი, რომელიც შეიძლება ბრუნავდა, ან შეიძლება კიდევ ერთი ლუკი იყო, რომელიც ამ მექანიზმით იხდებოდა. ოთახს სავენტილაციო მილი ჰქონდა, რომელიც კედელში იკარგებოდა.

10482267_10201917255332327_2939937742174940609_o 10628731_10201917255372328_2090174340790467679_o ??????????????????????????????? SANYO DIGITAL CAMERA ??????????????????????????????? ???????????????????????????????

გვირაბში ღამურას ეძინა. უკან იმავე გზით დავბრუნდით და მეორე მიწისქვეშა ნაგებობის სანახავად გავემართეთ. ის მოშორებით, მთის პირას იყო. აგურით ნაშენი პატარა შენობა მთაში იყო შეჭრილი. შიგნით ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული კორიდორი დაგვხვდა, რომელიც მრგვალ დარბაზებს უკავშირდებოდა. დარბაზები წრიული ფორმის იყო, წითლად შეღებილი. კედლებზე უცნაური და შიშისმომგვრელი  ნაწერები იყო ამოკაწრული.

10631306_10201917255772338_1397276535408460648_o

ვინ იცის, რისთვის და რატომ აშენდა ეს ნაგებობები. რა სახის ექსპერიმენტები და კვლევები ტარდებოდა. მსგავსი ინფორმაცია საზოგადოებისთვის დახურულია და არსებობს საიდუმლოებანი, რომელთაც ვერასოდეს აეხდებათ ფარდა. მიუხედავად ამისა, როდესაც პირადად გიწევს შეხება მისტიკითა და იდუმალებით მოცულ ადგილებთან, თითქოს დრო ჩერდება. თითქოს გესმის იმ ადამიანების ხმები, რომლებსაც ამ კედლებს შორის უწევდათ ცხოვრება. ვინ იცის, რა ბედი ეწიათ მათ. ვინ იცის, იქნებ ჩვენი წინაპრები, ბებია-ბაბუები სწორედ ზღაპრების მოყოლით ცდილობდნენ გაეფრთხილებინათ ბავშვები. იქნებ ზღაპრებსა და ლეგენდებში ნიღბავდნენ იმ რეალობას, რაზეც პირდაპირ ლაპარაკის უფლება არავის ჰქონდა და ალბათ არც არასოდეს ექნებათ. ნიღბავდნენ იმას, რაც ოდითგანვე დაფარული და გასაიდუმლოებული იყო, არის და იქნება…

DSC_0560 DSC_0561 DSC_0562 DSC_0574 DSC_0576 DSC_0577 DSC_0578 DSC_0579 DSC_0580 DSC_0589 DSC_0594 DSC_0598 DSC_0599 DSC_0601 DSC_0602 DSC_0603 ??????????????????????????????? ???????????????????????????????

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tpt1f7ubxBU” width=”560″ height=”315″]

წყარო: http://teasblogi.wordpress.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები