გიორგი მარგველაშვილი: რუსეთს ოკუპაცია ანექსიამდე მიჰყავს

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი განხორციელდა დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის საკითხი, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა კიდევ ერთხელ მწვავედ საკითხი ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტისა და მისი განმტკიცების, მაშინ როდესაც რუსეთმა გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ შეიქმნა ხელშეკრულება, რომელსაც ფაქტობრივად ეს ოკუპაცია ანექსიამდე მიჰყავს. ეს ვიზიტი ხაზგასასმელია იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ მეგობრობას და მხარდაჭერას.
მინდა მადლობით აღვნიშნო აგრეთვე ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო ის ვინც, ეს ე.წ. ხელშეკრულება დაგმო. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს კოლეგებს ლატვიიდან.
ჩვენ შეხვედრაზე საგანგებო ყურადღება ბალტიის ქვეყნებისა და შავი ზღვის აუზებს შორის თანამშრომლობას დავუთმეთ. მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელსაც საქართველო ავითარებს რეგიონში, როგორც ტრანზიტული ქვეყანა. ამ პროცესის კიდევ უფრო გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები