საფრანგეთის პრეზიდენტმა „მისტრალების“ რუსეთისთვის გადაცემა ოფიციალურად შეაჩერა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო რუსეთისთვის „მისტრალის“ მიწოდების შეჩერების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ამჟამინდელი სიტუაცია კვლავ არ იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს რუსეთისთვის პირველი „მისტრალის“ გადაცემა. ამასთან დაკავშირებით, მან საჭიროდ ჩათვალა დაჩქარდეს ახალი განაწესით მიწოდების ნებართვის საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია საფრანგეთის ხელისუფლების გავრცელებულ კომუნიკეში.
ფრანგული მხარის მხრიდან სხვა კომენტარები არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რუსეთისთვის „მისტრალების“ გადაცემას აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება. ოფიციალური პარიზი აქამდე აცხადებდა, რომ ვალდებულია რუსეთთან დადებული კონტრაქტი შეასრულოს, თუმცა ამავე დროს, საფრანგეთი უკრაინაში არსებული სიტუაციის მიზეზით რუსეთისთვის „მისტრალის“ მიწოდებას დღემდე აჭიანურებდა.