მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება

თბილისში, მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც 240 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი, 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი სანიკიძემ განაცხადა. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიუსაფართა თავშესაფრის მოვლის პროგრამის დაფინანსების საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა მერიის მოთხოვნა, თავშესაფარში მყოფი პირების მოვლისათვის და თავშესაფრის უზრუნველსაყოფისათვის 300 ათასი ლარის შესახებ, დააკმაყოფილეს.
ბიუროს სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ლილოში თავშესაფრის მშენებლობა წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს არ მოხერხდა. მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი სანიკიძემ განაცხადა, თავშესაფარი 240 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი და ამისთვის მილიონ 200 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.
სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მოსკოვის გამზირზე არსებულ თავშესაფარში 170-მდე ბენეფიციარი იმყოფება. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან 240-მდე ბენეფიციარი მიიღონ. სანიკიძემ განმარტა, რომ ბიუროს სხდომაზე განიხილეს მიუსაფარი პირების კვებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მხრივ ცვლილება არ იგეგმება, ბენეფიციართა კვება დღეში ორჯერ მოხდება. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტანსაცმლით, სითბოთი, კარვების გარშემო მოხდება ბეტონის ღობის გაკეთება.
სანიკიძემ ასევე დასძინა, რომ იტალიურმა მხარემ მათ 8 ახალი კარავი გადასცა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში შეცვლიან ჩვენს კარვებს. მისივე განცხადებით, ახალი თავშესაფარი ლილოში, ლოჭინის ხიდთან მომავალი წლის ბოლოსთვის აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები