საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნად ეკატერინე ფოფხაძე დაინიშნა

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ეკატერინე ფოფხაძე დაინიშნა. როგორც “კვირას“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს , 2014 წლის ნოემბრიდან ევროკავშირის პროექტის “საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა” მხარდაჭერით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საპარლამენტო მდივნის პოზიცია შეიქმნა. მათივე ინფორმაციით, კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის მიზნით საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის კომუნიკაციას; ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული კანონის პროექტების პერიოდულ მიმოხილვასა და ანალიზს, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებისა და ცვლილებების პროექტებს; მონაწილეობს საქართველოს პარლამენტსა და სხვა უწყებებში/სამუშაო ჯგუფებში, კანონის პროექტების განხილვის პროცესში და წარადგენს სახალხო დამცველის პოზიციებსა და მოსაზრებებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეკატერინე ფოფხაძე საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნა. ეკატერინე ფოფხაძე 2003 წლიდან “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მუშაობდა და 2010–2014 წლებში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ეკატერინე ფოფხაძემ დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის სამართლის მაგისტრის ხარისხი აშშ–ს ოჰაიოს უნივერსიტეტში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები