„კარგი იქნება, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო მიმართულ სანქციებს საქართველოს საკითხსაც თუ დაუმატებს“
რუსეთ – აფხაზეთის ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
გოგოლაშვილის განცხადებით, ძალიან კარგი იქნება, თუ გაერო ამ პრობლემის შესახებ იმსჯელებს, მისი განმარტებით, ეს აღნიშნული პრობლემის საერთაშორისო რეზონასს ხელს შეუწყობს.
ექსპერტმა საერთაშორისო თანამეგობრობის როლზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს საქართველოს საკითხიც დაემატება.
„კარგი იქნება, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს. ამით ვერ გადაწყდებოდა პრობლემა, გაეროს უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს გადაწყვეტლებას, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს,რადგან მას დაბლოკავს რუსეთი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ეს საკითხი გახდება გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი, ამ საკითხს საერთაშორისო რეზონანსს შემატებდა. უფრო აქტიურად გამოჩნდებოდა საერთაშორისო დღის წესრიგში. ძალიან კარგი იქნება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც აქტიურად ახორციელებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო, დაუმატებს საქართველოს საკითხს და უკრაინასთან ერთად რუსეთზე ზეწოლის საგანი გახდება. რუსეთი აგრესიის განხორციელებას მარტო საქართველოში და უკრაინაში არ ცდილობს, ის თავის აგრესიას საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში ახორციელებს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.