„რუსეთის შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილ ამინდზე იქნება დამოკიდებული“
„რუსეთის შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილ ამინდზე იქნება დამოკიდებული“ ,- აღნიშნული განცხადება ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
გოგოლაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სრული სიმშვიდეა და საქართველოს თემა წამოწეული არ არის, რუსეთი ახორციელებს მსგავს ქმედებებს. ექსპერტის განმარტებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა განახორციელოს,რის გამოც რუსეთს გაუჩნდება შიში იმისა, რომ ის ეკონომიკურად დაზიანდება, საინვესტიციო გარემო გაუარესდება და ფასები აიწევს რუსეთში.
„უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთში აზრის სხვადასხვაობაა. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დამღუპველია რუსეთისთვის, მაგრამ ამას არავინ ამბობს აფხაზეთთან მიმართებაში. ამაზე არ მსჯელობენ იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სიჩუმეა. ქვეყანაში ჩატარებული ერთი ორი აქცია და პრემიერის განცხადება ამინდს ვერ ქმნის. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე უნდა განახორციელოს ზეწოლა, რომ მათ გაუჩნდეთ შიში იმისა, რომ ის ეკონომიკურად დაზიანდება. მხოლოდ ეს აიძულებს მას, რომ შეჩერდეს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
გოგოლაშვილი საქართველოს მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესების საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, ეს საკითხი კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, რადგან, მისი თქმით, სანქციები კარგი იქნება, მაგრამ ეს ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს დიდ დარტყმას მიაყენებს და პრობლემებს მოუტანს.
„ჩვენ რომ ვიყოთ რუსეთის თანაზომადი ქვეყანა, გინდა პოლიტიკური, გინდა ეკონომიკური კუთხით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ამას მსჯელობა სჭირდება. სანქციების დაწესება რუსეთისთვის ჩვენ დიდ პრობლემებს მოგვიტანს. გვინდა თუ არა, საქართველო, სამწუხაროდ, ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთზე. საშიში იქნება ასევე რუსეთთან ახლანდელისგან განსხვავებით რაიმე უფრო მაღალი ურთიერთობა, იქნება ეს სავიზო რეჟიმის მოხსნა, ინტენსიური სატრანსპორტო მიმოსვლა თუ სხვა. სახიფათოა რუსეთის ტერიტორიის გავლით გაზის მიმოსვლაც, რადგან რუსეთი ამას მომავალში ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.