„შტატები ევროპასთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს“

  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინაში არსებული ვითარებისა და უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც კერი აცხადებს, შეერთებული შტატები ევროპასა და სხვა ქვეყნებთან ერთად საუბრობს შესაძლო სანქციებზე, იმისთვის, რომ უკრაინაში კომპრომისისათვის აუცილებელი გარემო შეიქმნას. კერის განცხადებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, კიევში გაემგზავრება. ისინი ადგილზე გაეცნობიან უკანასკნელ ცნობებს, შემდეგ კი ბრიუსელში გაემართებიან და დაესწრებიან შეხვედრას შესაძლო სანქციებისა და სავარაუდო შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
„მინდა, განცხადება გავაკეთო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. ყველა ძალიან შეწუხებული ვართ ძალადობის იმ სცენებით, ქუჩებში მოქალაქეთა უფლებების იმ მასშტაბური დარღვევებით, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება. მომხდარის გამო მთელი გულით უკრაინელ ხალხთან ერთად ვართ. პრეზიდენტ იანუკოვიჩს აქვს არჩევანის საშუალება. არჩევანია, დაიცვას ხალხი, რომელსაც ის ემსახურება, ყველა ადამიანი; გააკეთოს არჩევანი კომპრომისსა და დიალოგს, ძალადობასა და არეულობას შორის. ვფიქრობ, არჩევანი ნათელია. ჩვენს მეგობრებთან ერთად ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვსაუბრობთ შესაძლო სანქციებზე, რათა შევეცადოთ, შევქმნათ კომპრომისისათვის აუცილებელი გარემო. ჩვენი სურვილია, ბატონმა იანუკოვიჩმა გააერთიანოს ხალხი, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, მონახოს კომპრომისი და უკრაინელი ხალხის ფართო ინტერესები დააყენოს წინ. გვჯერა, ჯერ კიდევ არის სივრცე, რათა ეს მოხდეს. ძალადობის თავიდან აცილება შესაძლებელია.
ამგვარი დიალოგის გზით, საბოლოოდ, შესაძლებელია უკრაინელი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინება. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი გუშინ და მგონი, დღესაც ესაუბრა პრეზიდენტ იანუკოვიჩს. მაგრამ რეალურად, პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელშია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინის მომავალი და მისი ხალხის სამომავლო ოცნებები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თავიდან ავიცილებთ ძალადობას და ვიპოვით კომპრომისს. ხვალ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, კიევში გაემგზავრება. ისინი ადგილზე გაეცნობიან უკანასკნელ ცნობებს, შემდეგ კი ბრიუსელში გაემართებიან და დაესწრებიან შეხვედრას შესაძლო სანქციებისა და სავარაუდო შემდგომი ნაბიჯების შესახებ“, – აღნიშნულია კერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები