„აფხაზეთში შესაძლოა, ყირიმის სცენარი განვითარდეს“

„სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შემდეგ, აფხაზეთში შესაძლოა, ყირიმის სცენარი განვითარდეს“, – აღნიშნული განცხადება ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კახა გოგოლაშვილის განმარტებით, ნელ-ნელა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ჩასახლდებიან, აფხაზები კი უმცირესობაში მოექცევიან. ეს ყველაფერი კი ქმნის საფრთხეს,მათ მოითხოვონ რეფერენდუმი და ამით რუსეთთან შეერთებას დაუჭირონ მხარი.
ექსპერტმა ის საფრთხეები მიმოიხილა, რაც შესაძლებელია აფხაზეთს რუსეთთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანოს.
„ ხელშეკრულებით საფრთხე პირდაპირ აფხაზი ეთნოსის გადარჩენას ექმნება. დღესდღეობით, მართალია დე ფაქტო ქვეყანაში, მაგრამ მაინც აფხაზეთში აფხაზები ქმნიან ამინდს. ახლა კი მათ ამის შესაძლებლობა წაერთმევათ. ისინი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს უნაწილებენ რუსებს. გადაწყვეტლების მიღებაში აფხაზური ხმა დაიკარგება. რუსები საზღვარს გადმოსწევენ ენგურზე,სადაც ნელ-ნელა მოიშლება აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საზღვარი და მხოლოდ რუსეთ -საქართველოს საზღვარი დარჩება. სავიზო რეჟიმის მოხსნის წყალობით პროცენტულად აფხაზები შემცირდებიან, რუსებს უფლება მიეცემათ, მიწები შეისყიდონ აფხაზეთში. მასობრივად მოხდება რუსების ჩასახლება, რის შემდეგაც შესაძლოა უკვე ყირიმის სცენარი განვითარდეს. აფხაზეთში მცხოვრები რუსები მოითხოვენ რეფერენდუმს და ამ გზით რუსეთთან მიერთებას“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
გოგოლაშვილის განცხადებით, ამ საფრთხის შეჩერება რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება. მისი თქმით, თუკი საერთოდ გაგრძელდება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი,მათი საუბრის ერთადერთი საკითხი და თემა აფხაზეთში ანექსიის პროცესის შეჩერება უნდა იყოს.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი გუშინ სოჭში მოეწერა. ხელშეკრულება საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნული შეთანხმება ათი წლის ვადით, მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით იდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები