მიმდინარე წლის გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომელიც დეპუტატებს 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშს აცნობს. “ჩვენ ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული გვქონდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნებოდა 5 პროცენტი. 9 თვის შედეგებით, ეკონომიკური ზრდა არის 5,9 პროცენტის ფარგლებში. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ გადაჭარბებით, 5 %-ზე მაღალი იქნება წლიური ეკონომიკური ზრდა. ეს აისახება როგორც საგადასახადო შემოსავლებში, ისე მთლიანად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე”, – განაცხადა კაკაურიძემ. მინისტრის მოადგილემ ინფლაციაზეც ისაუბრა. “რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს – ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი დაგეგმილი გვაქვს 3,5 პროცენტის ფარგლებში. 9 თვის მონაცემებით, დეფლატორის მაჩვენებმა შეადგინა 3,8 პროცენტი, ვფიქრობთ, რომ ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე სწორედ იმ პარამეტრში უნდა ჩაჯდეს ყველაფერი, რაც დაგეგმილია ბიუჯეტთან ერთად. როგორც იცით, 2011, 2012 და 2013 წლებში ინფლაციის მაჩვენებელი იყო ან 0-თან ძალიან ახლოს, ან პირიქით, უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა. წლევანდელი წელი ამ მხრივაც გამონაკლისია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გარკველწილად ზრდის ტენდენციით ხასიათდება”, – განაცხადა ფინანთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები