შაშკინი განათლების სამინისტროს სტატეგიას არაადეკვატურს უწოდებს – ყოფილი მინისტრის არგუმენტები

  განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი და „რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინი განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ გრძელვადიან სტრატეგიას აკრიტიკებს.
ყოფილი მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს წაიკითხონ სანიკიძის „ბრძნული“ ნაშრომი. მისი თქმით, მისი ფასი მხოლოდ ის არის, რაზეც ის დაიბეჭდა. შაშკინს საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს.
„დიდი ინტერესით წავიკითხე განათლების სამინისტროს შექმნილი გრძელვადიანი სტრატეგია. ამ „დოკუმენტის“ ფასი მხოლოდ ის ქაღალდია, რაზეც ის დაიბეჭდა. ყველას მოგიწოდებთ, დაკარგოთ დრო და წაიკითხოთ სანიკის ეს „ბრძნული“ ნაშრომი, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ, ვის ხელშია ჩვენი შვილების განათლება. მაპატიეთ ამ ემოციური შესავლისთვის. რომ არ დაგღალოთ, მოვიყვან სულ რამდენიმე არგუმენტს იმისთვის, რომ აგიხსნათ ამ „სტარტეგიული ნაშრომის“ არაადეკვატურობა.
1. როგორც ჩანს, ამ დოკუმენტს ის ხალხი წერდა, რომელსაც არამარტო არ ესმის განათლების პრინციპები, არამედ არ ესმის სტრატეგიის წერის პრინციპი. 20 წლის ბაკალავრი გეტყვით, რომ ნებისმიერი სტრატეგია ეფუძნება.
3 მთავარ კომპონენტს: სად ვართ ახლა (არსებული სიტუაციის და გამოწვევების ანალიზი), სად უნდა ვიყოთ გარკვეულ პერიოდში (სასურველი შედეგების იდენტიფიცირება) და როგორ უნდა მივიდეთ მიზნამდე (ძირითადი ტაქტიკური ნაბიჯები). ამის ნაცვლად, განათლების სამინისტროს გამოქვეყნებულ სტრატეგიაში წერია, რომ ახლა ყველაფერი ცუდადაა და რომ 10 წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება.
2. არ არის იდენტიფიცირებული განათლების მთავარი პრობლემა. ამის ნაცვლად, ჩამოთვლილია იმ მექანიზმების პრობლემები, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს მთავარი პრობლემის მოგვარება. უფრო მარტივი რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან: სასკოლო განათლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ბავშვების ზოგადი განათლება, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მათ წინაშე დგას. სამინისტრო ამის ნაცვლად ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და მასწავლებლების კვალიფიკაციაა. მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურა არის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი პრობლემის მოგვარება. მექანიზმი ბევრია, მთავარი პრობლემა კი ერთია. მაპატიეთ ამ პრიმიტიული შედარებისთვის, მაგრამ ეს იგივეა, რომ თქვენ დააპიროთ რაღაცის მშენებლობა, ვერ გადაწყვიტოთ რა გინდათ და დაიწყოთ ხელოსნების ძებნა.
3. ე.წ. სტრატეგიაში არ არის არცერთი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს შედეგი მიღწეულია თუ არა. წერია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რა არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია. რას მივიღებთ 10 წელიწადში?
4. „სტრატეგიაში“ დომინირებს სიტყვები: შესაძლო ან სავარაუდოდ. ანუ, ის ვინც ამას წერდა თვითონ არ არის დარწმუნებული იმაში, რაც დაწერა და არ უნდა პასუხისმგებლობის აღება.
5. ერთადერთი, რაც ნათელია ამ „სტრატეგიით“ არის ის, რომ სამინისტრო აპირებს ბევრი ახალი რეგულაციის შექმნას და რეალურად, თავის როლს მხოლოდ ამაში ხედავს. ანუ, აპირებენ თბილ კაბინეტებში ჯდომას, ყავის სმას, ჭორაობას და ბევრი ბრძანების და რეგულაციის წერას.
ჯამში, განათლების გამოქვეყნებული სტრატეგია წარმოადგენს ლამაზი სიტყვების კრებულს, რომლის მთავარი ლეიტმოტივი არის ბევრი რეგულაცია, ბევრი ქაღალდი და ბევრი მაკონტროლებელი ჩინოვნიკი.
ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ამ დოკუმენტზე, მაგრამ არ მინდა გადაგღალოთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „რეფორმატორთა კლუბის“ და განათლების პროფკავშირების ინიციატივით, 30 კაციანი ჯგუფი დამოუკიდებლად მუშობს განათლების 5 წლიან სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც წარმოადგენს პასუხს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივაზე ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ. განათლების ეს სტრატეგია დაიდება იანვრის ბოლოს და უპასუხებს მარტივ შეკითხვებს: სად ვართ ახლა, სად გვინდა ვიყოთ და იქ როგორ მივიდეთ”, – წერს დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები