„მოსმენების ე.წ. გასაღები ფიჭურ კომპანიებს არ უნდა გადაეცეს“
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი გიგლა ბარამიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოსმენების შესახებ კანონს გამოეხმაურა. ბარამიძის განცხდადებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება მოსმენების გასაღები ფიჭურ კომპანიებს გადაეცეს.
მისივე თქმით, ეს საკითხი ძალიან არაბუნებრივად არის გაპიარებული. ბარამიძის აზრით, მსგავსი საკითხები უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა გადაწყდეს.
მანვე აქცენტი საკითხის ხელოვნურად დაჩქარებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ვიღაცას სჭირდება, რომ საკითხი დაჩქარებულად იქნეს მიღებული. ყველაზე სწორი კი, მისივე თქმით, დროებითი ნდობის ჯგუფის შექმნა იქნება, რომელიც აღნიშნულ საკითხს დეტალურად და ღრმად შეისწავლის.
„ძალიან დაჩქარებულად ხდება მოსმენების შესახებ კანონის მიღება. ეს საკითხი ზედმეტად გაპიარებულია. ეს არის თემა, რომელიც უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა გადაწყდეს. ჩვენ 23 000 ფაილი ისე გავანადგურეთ, რომ არ გამოვიძიეთ, მისი შემქნელები არ დავსაჯეთ. ის, ვინც ამას ადრე აკეთებდა, უნდა დაისაჯოს და მერე იქნას მიღებული ეს კანონი. თუ ასე დააჩქარეს, ალბათ, სწორი იქნება, შეიქმნას საზოგადოებისაგან ნდობით აღჭურვილი პირების ჯგუფი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, დაამტკიცებს პარლამენტი და დაკომპლექტდება საზოგადოებისთვის ავტორიტეტული და ღირსეული პიროვნებებით. ასე ნაჩქარევად ამის განხილვა ბევრ ეჭვს იწვევს. უცხო ქვეყნის კომპანიებს არ უნდა გადავცეთ ყველაფერი. ფიჭურ კომპანიებში არის „ბილაინი“, რომელიც რუსული კომპანიაა. ოქროს შუალედია მოსაძებნი“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.