„დაოკდეს კოტე კუბლაშვილი და საქმეს მიხედოს!“
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებას, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი გიგლა ბარამიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ბარამიძემ კუბლაშვილის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციურ პარტიებს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, ტყუილი უწოდა და მას დაოკება სთხოვა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წარმომადგენლის ზოგადი ფრაზა. აქ კონკრეტულად საუბარი ერთ პიროვნებაზე – ემზარ კვიციანზე არ არის. აქ საუბარია სასამართლოს მხრიდან იმ ადამიანების მიმართ დამოუკიდებულებაზე, რომლებიც თავს სდებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა -შენარჩუნებისათვის. არანაირი ზეწოლა არ იყო. ხალხი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს და ეს არ მოსწონთ. დაოკდეს და დაწყნარდეს ბატონი კოტე კუბლაშვილი და საქმეს მიხედოს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ კოტე კუბლაშვილმა ემზარ კვიციანისთვის 12 წლით პატიმრობის მისჯის გამო ქუჩაში აქციაზე გამოსული ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ისინი ამ ფორმით სასამართლოზე ზეწოლას ცდილობენ.