„ცოცხალი ემზარ კვიციანი სააკაშვილს არ აწყობს, დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეშია“

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი გიგლა ბარამიძე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანისთვის სასამართლოს მიერ 12 წლით პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს და მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეებზე საუბრობს.
ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პირველ პირებს, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს არ აწყობთ, კვიციანმა გააჟღეროს ის ინფორმაციები, რომელსაც ის თუნდაც კოდორის ხეობიდან გატანილი იარაღის გაყიდვაზე ფლობს.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრმა ხელისუფლებას კვიციანთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და მისი მაქსიმალური დაცვა სთხოვა.
„მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და წინა ხელისუფლების სხვა პირველ პირებს არ აწყობთ ცოცხალი კვიციანი. არსებობს მისი ლიკვიდაციის საფრთხე. მათ ეშინიათ, რომ კვიციანი ალაპარაკდება მათი შავი ბიზნესებისა და ამ ბიზნესში პარტნიორების შესახებ. კვიციანს შეუძლია, პირადად დაადოს მათ ხელი, როგორც ქვეყნის მოღალატეებს. ეშინიათ, რომ კვიცანმა არ თქვას, ვინ გასცა ბრძანება, აეყარათ ჯარისკაცები კოდორიდან, არ დაენდოთ არავინ. კვიციანმა ბევრი რამ იცის კოდორიდან გატანილი იარაღისა და მისი გაყიდვის შესახებაც. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაიცვან ემზარ კვიციანის სიცოცხლე და უსაფრთხოება“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
გიგლა ბარამიძემ დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და საქართველოს სხვა პარტნიორებს მიმართა და იმ თანხებით დაინტერესებისკენ მოუწოდა, რომელიც მათი მხრიდან საქართველოსთვის ავტომატური შაშხანებისა და სხვა საჭირო საშუალებების შესაძენად გამოიყო. ბარამიძის თქმით, კვიციანი ამ კუთხითაც შეიძლება ძალზე საშიში აღმოჩნდეს წინა ხელისუფლებისთვის.
„გთხოვთ, დაინტერესდით, სად წაიღო წინა ხელისუფლებამ თქვენი ქვეყნის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი თანხები“, – ამ თხოვნით ბარამიძმ აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს მიმართა.
გიგლა ბარამიძის თქმით, ნონსენსია ქვეყანაში, სადაც დაკარგული ტერიტორიებია ნომერ პირველი პრობლემა, 12 წელს უსჯიდნენ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დადო საკუთარი ქვეყნისთვის, კუთხისთვის და წლების განმავლობაში უზრუნველყო ის, რომ ხეობაში არცერთი სხვა ქვეყნის ჯარისკაცის ფეხი არ დადგმულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები