უკრაინაში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქართული კინოს ფესტივალი კიევში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით „ბრმა პაემნები“ გაიხსნება. ათი დღის განმავლობაში კი ნაჩვენები იქნება როგორც ახალი ქართული კინონამუშევრები, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ქართული ფილმები, მათ შორის ოთარ იოსელიანის „შანტრაპა“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“, რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ“ და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი“.
კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები.
კინოფესტივალი საზეიმოდ 22 ნოემბერს, კინოთეატრ „კიევში“ გაიხსნება და 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმები ნაჩვენები იქნება უკრაინის სხვა ქალაქებშიც: ხერსონი (24-25 ნოემბერი), ოდესა (25-28 ნოემბერი), სუმი (27-28 ნოემბერი), პოლტავა (28 ნოემბერი), დნეპროპეტროვსკი (1-2 დეკემბერი).
ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის დახმარებით იმართება.
კინოფესტივალის ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები