„ევროპას არა განცხადებებით, არამედ ღირებულებებით უნდა დავუახლოვდეთ“
პოლიტოგმა ნიკა ჩიტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა. ექსპერტის განცხადებით, ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა.
მისი თქმით, ყველა განხორციელებული ვიზიტი შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში, საქართველოს დასავლეთთან დააახლოებს, თუმცა იმისათვის ,რომ დასავლური კურსი შეუქცევადი იყოს, – ამის შესახებ მხოლოდ განცხადების გაკეთება საკმარისი არ არის.
ჩიტაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ მისი პარტნიორი ქვეყნების და ევროსტრუქტურების შენიშვნები და რჩევები გაითვალისწინოს და დასავლეთს არა მხოლოდ დეკლარირების, არამედ ღირებულებების დონეზე დავუახლოვდეთ. ექსპერტმა ხაზი სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას და მათი მუშაობის გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა.
„რა თქმა უნდა, მისასალმებელია განცხადებები იმაზე, რომ ხელისუფლებას ევროპული ვექტორიდან არ გადაუხვევია,მაგრამ იმისთვის, რომ დასავლური კურსი იყოს შეუქცევადი, აუცილებელია დასავლური ღირებულებების სოციალურ და სამართლებრივ საკითხებში დანერგვა. არსებობს კითხვები სასამართლოსთან და პროკურატურასთან მიმართებაში. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მისი პარტნიორების რეკომენდაციები და აღარ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ვინმეს შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გაუჩნდეს კითხვები. არ უნდა იყოს განცდა, რომ ზეწოლა და დევნა ხორციელდება ოპოზიციაზე, და რომ პროკურატურა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. ჩიტაძის თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ ეჭვები, რომ საქართველოს შეიძლება კულუარებიდან ივანიშვილი მართავდეს.