დავით ბაქრაძემ აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
დავით ბაქრაძეს აქვს დიპლომატიური მოღვაწეობის თორმეტწლიანი გამოცდილება. 2002-2004 წლებში ის იყო შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს – ჟენევაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, 2004-2005 წლებში კი – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
დავით ბაქრაძე 2006-2008 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2008-2010 წლებში იყო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლის მარტიდან დღემდე იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დავით ბაქრაძეს 2014 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.