პრემიერი გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი ფეისბუქში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო.
მხოლოდ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ, თავდადებულ დედას შეეძლო ქვეყნისთვის გაეზარდა შვილი, რომელიც, სასტიკი წამების მიუხედავად, მტკიცედ, გაუტეხელად დადგა სიკვდილის პირისპირ და თავისი ვაჟკაცობითა და თავგანწირვით ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსებისა და სამშობლოს ერთგულების დიდი მაგალითი მისცა მომავალ თაობებს.
ქალბატონმა ლილიმ კი დაგვიტოვა სულიერი სიმტკიცისა და გმირი დედის მაგალითი, რომელმაც წლების განმავლობაში ღირსეულად ატარა უდიდესი ტკივილი. პატივს მივაგებ მის ხსოვნას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო. ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს“, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.