ლაგოდეხში ინდმეწარმემ საკუთარი საამქრო პროტესტის ნიშნად ტრაქტორით დაანგრია
ლაგოდეხის რაიონის სოფელ გვიმრიანში ადგილობრივმა მცხოვრებმა შალვა ლომიძემ ეზოში არსებული ხის სახერხი საამქრო პროტესტის ნიშნად, ტრაქტორით დაანგრია.
როგორც ინდმეწარმე აცხადებს, გარემოს დაცვის ინსპექციამ რამდენჯერმე უკანონოდ დააჯარიმა.
მისი თქმით, ჯარიმების საერთო ოდენობამ უკვე 2000 ლარი შეადგინა. შალვა ლომიძე საკუთარ საამქროში ხის ერთჯერადი გამოყენების ყუთებს წლების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიისთვის ამზადებდა. ლომიძის პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. “სამ დღეში ერთხელ მოვიდოდნენ და დასჯით და დალუქვით მემუქრებოდნენ. მათ მიერ გამოწერილი ჯარიმები უსაფუძველო იყო“,-აცხადებს ლომიძე.
ლომიძის პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. “სახერხი საამქრო კანონდარღვევით ფუნქციონირებდა. ტერიტორია არ იყო შემოღობილი, ნარჩენებისთვის ბუნკერი არ იყო განთავსებული და საქმიანობა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის გარეშე ხორციელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“, -აცხდებენ სამინისტროში.
დღეს ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში ინდმეწარმის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა შალვა ლომიძე სასამართლოში არ გამოცხადდა და პროტესტის ნიშნად, საწარმო დაანგრია.